ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
,,არ მიიღოთ ეს მედიკამენტები, ისინი ხელს უწყობენ დაავადების დამძიმებას'' - ალექსანდრე გოგინავა თვითნებურ მკურნალობაზე
რა მედიკამენტები არ უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა სახლში და რა გამოკვლევები სჭირდება ინფიცირების დროს? - აღნიშნულ თემაზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა.
„მინდა, ვთხოვო მოსახლეობას, რომ თვითნებურად არ მიიღონ გარკვეული მედიკამენტები. ეს ეხება განსაკუთრებით ანტიბიოტიკებს, ანტიკოაგულანტებს ე.წ სისხლის გამათხელებლებს. ეს ეხება ასევე ჰორმონ დექსამეტაზონს ან სხვა სტეროიდულ საშუალებებს. ამ პრეპარატების დანიშვნას აქვს თავისი გაწერილი ჩვენება, ისინი ძირითადად საჭიროა, როცა პაციენტი არის სტაციონარში და დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ხშირად დაავადების პირველ კვირაში იწყებენ ამ მედიკამენტების მიღებას და ეს შემდეგ პირიქით ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას.''
ალექსანდრე გოგინავამ ასევე ისაუბრა კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და აღნიშნა, რომ ეს კვლევა ესაჭიროებათ ისეთ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დაბალი სატურაცია, სუნთქვის უკმარისობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. თუ პაციენტს აქვს კარგი სატურაცია, არის ახალგაზრდა, ტემპერატურა მართვადია და ა.შ ამ შემთხვევაში ეს ძვირადღირებული და ასე ვთქვათ, დამაზიანებელი კვლევა, პაციენტს არ უნდა ჩაუტარდეს.“