ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ახალი საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა
დღეიდან მოქალაქეებს ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ოჯახის ექიმის ვინაობისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შესახებ.
პორტალზე პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული და ასევე იღებს ინფორმაციას ოჯახის ექიმის ვინაობის შესახებ, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას განახორციელებს.
თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია.
თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს.
თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505
საინფორმაციო პორტალის ამოქმედების მიზანი, 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს: http://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505.