საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში
,,პირბადეების გამოყენება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში,'' - აღნიშნულის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისგან.
„ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების ხმარება სავალდებულო იყოს არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სირვეცეებშიც. იცით, რომ ეს არის ის ერთადერთი საშუალება დღეისთვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისგან. ამიტომ ეს არის ყველაზე მარტივი, ყველაზე ეფექტური საშუალება. მოდით, ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე. ეს არის ყველაზე კარგი დაცვის საშუალება, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვისი“, - დასძინა მაია ცქიტიშვილმა.