საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,დღეში, ალბათ, ინფიცირების 3 000 - 4 000 შემთხვევა იქნება''
,,ნოებრის ბოლოსთვის დღეში, ალბათ, ინფიცირების 3 000 - 4 000 შემთხვევა იქნება'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას:
„ეპიდემიოლოგები ნოემბრის ბოლოსთვის ქვეყანაში დღიურად კორონავირუსის 3 000-იდან - 4 000-მდე შემთხვევას ელოდებიან. ხვალ გვექნება განახლებული პროგნოზები. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა მართლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას, ეს არის კვლევებით დადასტურებული, რომ 90%-ზე მეტს ჩვენი მოსახლეობის, თუ ექნება პირბადე სწორად გაკეთებული, 70%-ით შემცირდება ის ციფრები, რა პროგნოზებიც გვაქვს დაავადებულთა რიცხვების,“ - დასძინა პაატა იმნაძემ.