საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„არ იცრები? 8 დეკემბრიდან კოვიდთან დაკავშირებული ხარჯები თვითონ უნდა გადაიხადო,“ - გიორგი ფხაკაძე სინგაპურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სინგაპურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სინგაპურში 8 დეკემბრიდან აუცრელები კოვიდის სამკურნალო თანხებს თავად გადაიხდიან:
„სინგაპურმა რა გადაწყვეტილება მიიღო? არ იცრები? 8 დეკემბრიდან კოვიდთან დაკავშირებული ხარჯები თვითონ უნდა გადაიხადო. რვა დეკემბრამდე ინებე, წადი და აიცერი. უფასოდ გცრი, უფასოდ გეხმარები. შენ თუ ამბობ, რომ მე არ მინდა, არ გინდა? გახდები ავად, გადაიხადე ფული.“
გიორგი ფხაკაძის თქმით, ის სინგაპურის შესახებ სტატიის დადების გამო სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს:
„როდესაც ეს სტატია დავდე, გამაკრიტიკეს, შენ რას იძახიო?! შენ რომ არ იცრები, თურმე შენი უფლებებია და რომ არ გიმკურნალონ, თურმე შენი უფლებები ირღვევა. ლოგიკა სად არის?! არავაქცინირებულმა უნდა იაროს, გაავრცელოს ვირუსი, მერე თვითონ გახდება ავად და მისი მკურნალობა სახელმწიფოს 20 000 ლარი დაუჯდება.“
„პრაქტიკულად და ფინანსურად ერთი არავაქცინირებული ადამიანი 100-150 ათასი ლარი უჯდება სახელმწიფოს. რატომ? იმიტომ, რომ „მე ასე მინდა.“ არამარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში არიან ასეთი დეგენრატები. არ გეწყინოთ, მაგრამ სხვა სიტყვას ვერ ვნახულობ. „მე, მე, მე“ - გაიძახიან და მერე გვიშველეთ, ექიმები არ გვმკურნალობენო. რა გინდა საავადმყოფოში? აიცერი და არ მოხვდები იქ,“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.