საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს მხარი დაუჭირა,“ - თამარ გაბუნიას განცხადება
იმუნიზაციის საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საბჭომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას მხარი დაუჭირა:
„იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს ფაიზერის ვაქცინის ორი დოზით. ამდენად მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც გახლავთ აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანთან სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია ფაიზერის დოზით.“
თამარ გაბუნიამ 60 წლის ზემოთ სინოფარმ/სინოვაკით აცრილი პირებისთვის ბუსტერ დოზის გამოყენებასთან დაკავშირებით ახალ შესწორებაზეც ისაუბრა.
„ახალი შესწორება ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც არიან აცრილი სინოფარმ/სინოვაკის ორი დოზით, ბუსტერ დოზის გამოყენებას არა ექვსი თვის შემდეგ, არამედ მეორე აცრიდან სამი თვიდან ექვსი თვის ინტერვალში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.