Baby Bag

„სახელძღვანელოები და ყველანაირი მოდგმის მასწავლებლები ყოველდღიურად გვმოძღვრავენ, როგორ უნდა გავიღოთ ყველაფერი, რათა წარმატებას მივაღწიოთ ანუ საკუთარ თავს „წარვემატოთ“

„სახელძღვანელოები და ყველანაირი მოდგმის მასწავლებლები ყოველდღიურად გვმოძღვრავენ, როგორ უნდა გავიღოთ ყველაფერი, რათა წარმატებას მივაღწიოთ ანუ საკუთარ თავს „წარვემატოთ“

წყარო: ფილოლოგ, პედაგოგ გია მურღულიას სოციალური ქსელი

ღმერთი ამბობს: „ჩვენ“, ხოლო ეშმაკი ამბობს: „მე“.
ღმერთის ნათქვამში „მე“ სრულად მოჩანს, ეშმაკის ნათქვამში არსად ჩანს „ჩვენ“.
ღმერთი აერთიანებს სახის დაუკარგავად, ეშმაკი ყოფს სახის შეუნარჩუნებლად.
ღმერთთან ერთად მთელი სამყარო შენთანაა, ეშმაკთან ერთად შეუცვალებელი მარტოობა გარანტირებული გაქვს.
ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სინათლის ანგელოზმა უფრო მეტი მოინდომა, ვიდრე ეკუთვნოდა.
ახლა ძალიან პოპულარულია სიტყვა „წარმატება“ და ყველა მას ესწრაფვის. სახელძღვანელოები და ყველანაირი მოდგმის მასწავლებლები ყოველდღიურად გვმოძღვრავენ, როგორ უნდა გავიღოთ ყველაფერი, რათა წარმატებას მივაღწიოთ ანუ საკუთარ თავს „წარვემატოთ“. ერთი შეხედვით, ეს „განვითარებას“ ჰგავს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, თანამედროვე კონტექსტით, უფრო „მოპოვებას“ ნიშნავს.
ყველაფერს რომ მოპოვებას დაუქვემდებარებ, შესაძლოა ის დაკარგო, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია - ღირსება.
ყველაზე მეტად წარმატებული ადამიანი ის არის, ვინც, განვითარებასთან ერთად, არდასაკარგავს ნაკლებს კარგავს - განვითარებას მხოლოდ სიყვარულთან ერთად აქვს აზრი.
„ჩვენ“ - სიყვარულია.
„მე“ - ნარცისიზმი და ეგოიზმი.
„მე და შენ“ მეტია, ვიდრე მხოლოდ „მე“.
ამის მიხვედრა ღმერთის შეცნობაა.
ის, ვინც მხოლოდ საკუთარ თავთან რჩება, ვერაფერს ხვდება, ეშმაკის განცდის გარდა.
„მე და შენ“ - ამით მივესალმოთ ახალ, 2021 წელს.
ეს არის ცნობიერება, რომელიც იმარჯვებს და ყველაზე მეტად სწორედ ის სჭირდება დღეს და მომავალშიც ჩვენს საქართველოს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს? - ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის“

„რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს? - ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის“
რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს? - აღნიშნულ თემაზე ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,რ ა ტ ო მ ა რ უ ნ დ ა შ ე ე კ ა მ ა თ ო ს ა ყ ვ ა რ ე ლ ქ ა ლ ს ?

(ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის)

1. შეიძლება არ მოეწონოს - ეს ყველაზე დიდი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ამ სოფელში არც მთავრდება;

2. რომც მოუგო, იმ დღეს თუ არა, სხვა დროს მაინც წააგებ - და არა ერთხელ;

3. კამათში დამარცხებისას მისი მშვენიერება იმალება, რაც შენს გამარჯვებას აუტანელს ხდის;

4. მისი დამარცხება იმდენად იშვიათია, რომ სახსენებლად და შეჩვევად არც ღირს - უფრო მეტი ყალბი განცდა ილუზიების მაღაზიაშიც დეფიციტია;

5. ეს იმიტომ ხდება, რომ სათანადო არგუმენტები და დეტალები მას გაცილებით უკეთ და სრულად ახსოვს - ამ ტიპის მახსოვრობის ან მიხვედრილობის შედარებისას შენი შანსები ნულია;

5. კრიტიკულ ვითარებაში ერთს გაიღიმებს და წინარე მიღწევები განზე დაგრჩება - ეს აბსოლუტური იარაღია;

6. მის მხარეს იქნება ყველა ქალის ადრინდელ გამარჯვებათა ძალა, მაშინ როდესაც შენ მხოლოდ ინდივიდუალურად გაირჯები - ქალთა სოლიდარობის ძალა დედამიწის სხვა მოსახლეებისას ხარისხობრივად აღემატება;

7. ათასში ერთხელ წაგებულ კამათს ის არ დაივიწყებს და ვაგლახად გაგახსენებს ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში - მაგალითად, უფსკრულის პირას სეირნობისას;

8. მისი მარცხის საფასურს ნებისმიერ შემთხვევაში შენ გადაიხდი - ეს გარდაუვალი კომპენსაციაა;

9. თუ გაიმარჯვე, ისე შემოგხედავს, რომ სამყაროს არსებობის პირველი წამისა და საკუთარი დაბადების შეგრცხვება;

10. პირველი ცხრა ამბავი ვერ გაიგე ან არაფრად ჩააგდე? - სჯობს ახლავე მიხვიდე და წინასწარ ბოდიში უთხრა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს სახლზე დაუყოვნებლივ გაჩნდება წარწერა: "აქ ცხოვრობს სულელი".

ჯერ კიდევ ძველები ამბობდნენ:

"არსებობს ქალის მართვის ორი გზა.
პირველი - დაემორჩილო, მეორე კი არავინ იცის".

წაიკითხეთ სრულად