Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

„იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლოა,  „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იქნება:

„ეს ერთ-ერთი სავარაუდო და კარგი სცენარია. ეს სცენარი განიხილებოდა ჯერ კიდევ 2020 წელს, რომ, შესაძლოა, კორონავირუსის მუტაცია მოხდეს სწორედ ამ მიმართულებით, გახდეს ისეთივე ვირუსი, როგორიც გაციების ვირუსია. გავრცელდეს მარტივად, მაგრამ არ იყოს მძიმე. ოპტიმისტური პროგნოზის იმედს მართლაც ვიტოვებთ, რომ ​შესაძლოა „ომიკრონი“ გარკვეულწილად პანდემიის დასასრულის მ​ომასწავებელი იყოს. ეს შესაძლებელია, მაგრამ საბოლოო შეფასებისთვის უნდა დაველოდოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნას."

„სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის განმავლობაშიომიკრონი ერთეული შემთხვევებიდან დომინანტური გახდა, ახლანდელი პროგნოზით დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში დეკემბრის განმავლობაში შესაძლებელია ის დომინანტური გახდეს. ეს რისკი არსებობს. ერთი მხარეა, რომ ახალ შტამს მსუბუქად მიმდინარეობა ახასიათებს, მაგრამ ის რადგან ბევრ ადამიანშია, ამან შეიძლება ზეწოლა გაზარდოს სამედიცინო სექტორზე,“ - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო: ტელეკომპანია „იმედი“

წაიკითხეთ სრულად