Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ წვიმიანი ამინდია და თოვლია, შეგვიძლია სახლში მოსულ სტუმარს ბახილები ჩავაცვათ,“- პედიატრი ანა მაღრაძე

„თუ წვიმიანი ამინდია და თოვლია, შეგვიძლია სახლში მოსულ სტუმარს ბახილები ჩავაცვათ,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ სახლში ჩვილის ყოფნის პირობებში სტუმრის მიღებისას აუცილებელი ჰიგიენის წესების დაცვის საჭიროებაზე ისაუბრა:

„როდესაც ძაღლი ეზოდან სეირნობის შემდეგ სახლში ამოგყავთ, სასურველია ფეხები გაუწმინდოთ, გაუსუფთავოთ. რაც შეეხება პანდემიისა და ეპიდემიის პერიოდს, ძირითადად ამ დროს ვითარდება ნებისმიერი ეპიდემია. კოვიდამდეც არსებობდა ეს ზამთრის სეზონში. ზედმეტად ჰიგიენა დიდად არც აქ არის სასურველი.“

ანა მაღრაძის თქმით, სასურველია, რომ სტუმარმა ფეხსაცმელი გაიწმინდოს, ხოლო თუ დასვრილი ფეხსაცმლით მოდის, ბახილები ჩაიცვას:

„როდესაც სტუმარი მოდის, სასურველია ფეხსაცმელი გაიწმინდოს​. თუ წვიმიანი ამინდია, თოვლია და შეიძლება ის დასვრილი ფეხსაცმლით შემოვიდეს, შეგვიძლია ჩავაცვათ ბახილები, ან დატოვოს ფეხსაცმელი.“

„შეგვიძლია კართან დეზობარიერიც შევქმნათ, სადაც სტუმარი დაიმუშავებს ფეხსაცმელებს და ისე შემოვა. ხელის დაბანა და პირბადე, რა თქმა უნდა საჭიროა,“ - აღნიშნა ანა მაღრაძემ.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად