Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ველი, რომ უფრო ძლიერი იქნება ეს ტალღა, ვიდრე შარშან გვქონდა, რადგან პოპულაციაში უკვე არის გარკვეული დაცვა,“ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე

„არ ველი, რომ უფრო ძლიერი იქნება ეს ტალღა, ვიდრე შარშან გვქონდა, რადგან პოპულაციაში უკვე არის გარკვეული დაცვა,“ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ კორონავირუსის ახალი ტალღის სავარაუდო სიმძაფრეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ისეთი ძლიერი ტალღის მოლოდინში არ არის, როგორიც შარშან გვქონდა:

„ჩვენი მოსახლეობის ნაწილი უკვე დაცულია. ზოგი ბუნებრივი, ზოგი ვაქცინაციის გზით. საუბრობენ, რომ იმაზე უფრო ძლიერი ტალღა იქნება, ვიდრე შარშან ამ დროს. ამის საწინააღმდეგოდ მინდა ვთქვა, რომ რადგან პოპულაციაში უკვე არის გარკვეული დაცვა, ​არ ველით, რომ უფრო ძლიერი იქნება ეს ტალღა.“

გიორგი კამკამიძის თქმით, ყველაზე მთავარია, რომ ექიმებმა მოსახლეობას სწორი და გულწრფელი ინფორმაცია მიაწოდონ:

„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ​სწორი და გულწრფელი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი მოსახლეობისთვის. იმდენი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროდან, რომ, სამწუხაროდ, ამის შემდეგ ძალიან ძნელია ენდო. არის სანდო წყაროები და არიან სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ნდობა მოსახლეობის. ინიციატივა, რეგიონებში ხელმისაწვდომობის გააქტიურებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია.“

„ბევრი უბრალოდ ვერ ახერხებს ვერც დარეგისტრირებას, ვერც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლას. ეს განსაკუთრებით ეხება მაღალი ასაკის მოსახლეობას.​ ჩვენ ვაქცინაცია უნდა მივიტანოთ მათ კარამდე. ეს არის ზუსტად ის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს ამუშავდა. ეს ნამდვილად მისასალმებელია. მნიშვნელოვანია სიკვდილიანობის ანალიზი. იმის გაგება, თუ რა ფაქტორები მუშაობს და მათ გამოსწორებაზე ორიენტირება იქნება მთავარი, თუ გვინდა, რომ სიკვდილიანობა როგორმე დავწიოთ“ – აღნიშნულ საკითხზე გიორგი კამკამიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად