Baby Bag

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება 1-ლ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

„თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე, ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და მათ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და 1-ელ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%-ს PCR, ხოლო 80%-ს ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა.

თანამშრომელთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ“ - კახა კალაძე

„სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ“ - კახა კალაძე

„მომავალი წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს შრომითი ანაზღაურება გაეზრდებათ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტში ეს თანხა გათვალისწინებულია:

„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ხელფასების მატება ცენტრალიზებულად მოხდება. პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს მომატებული ხელფასები ექნებათ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობებზე, მათი ხელფასი შრომის შესაბამისი არ იყო. აღნიშნული თანხა, რა თქმა უნდა, მომავალი წლის ბიუჯეტში ასახული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წაიკითხეთ სრულად