უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„სოფელი არის ბავშვისთვის ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილი, როგორც ჰიგიენისთვის, ასევე ბუნებასთან კონტაქტისთვის,“ - პედიატრი ანა მაღრაძე
პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვები დასასვენებლად სოფელში წაიყვანონ, თუ მათ ამის შესაძლებლობა აქვთ:
„პანდემიამაც გვაჩვენა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები საშიშია ზოგადად ინფექციების გავრცელებისთვის. ზაფხულიც გარკვეულ ეპიდაფეთქებებთან ასოცირდება. კურორტებზე უფრო აქტიური ხდება ინფექციები. ზღვაზე ვინც წავიდა ყველას დიარეა აქვს, ღებინება აქვს. მე მშობლებს ყოველთვის ვეუბნები, რომ თუ გაქვთ სოფელი, ეს არის ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილი, როგორც ჰიგიენისთვის, ასევე ბავშვის ბუნებასთან უფრო მეტი კონტაქტისთვის. ვიცით, რომ ყველას ეს ბედნიერება არ აქვს, შესაბამისად ისინი ირჩევენ კურორტებს.
აკრძალვა, რომ ბავშვი ზღვაზე წაიყვანო, არანაირ ასაკში არ არის. მთავარია, სწორად გავიყვანოთ ბავშვი მზეზე, სანაპიროზე. ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელა, მაღალი ტენიანობის მქონე კურორტებზე ბავშვის გაყვანას სჯობს ბავშვი წაიყვანოთ მთაში. ზღვაზე დილით 10 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ გავიდეთ ზღვაზე. ვცდილობთ ბავშვი მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. მშობლებს ვურჩევთ, ბავშვი ზღვაზე წაიყვანონ სექტემბერში.
თუ ბავშვი ჰიპერაქტიურია, რომელსაც სანაპიროზე ვერ გააჩერებთ, მშობლები უფრო დაღლილები ჩამოდიან. თუ ბავშვი მშვიდია, ჩვენს ნებას დაჰყვება, ქვიშაში ჩვენთან ერთად ითამაშებს, უფრო მარტივია. ქვიშაში ბავშვის მოტორიკის განვითარება უფრო კარგად ხდება. ბავშვი არ წუხდება სანაპიროზე. ქვიან სანაპიროზე ყოფნა არ არის ბავშვისთვის საინტერესო. ბავშვებისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა ქვიშა,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.