უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
თუ ბავშვმა ცუდი ნიშანი მიიღო, თქვენ სრული უფლება გაქვთ გამოხატოთ წყენა, მაგრამ გამოიყენეთ სიტყვა „არაუშავს“ - მზიკო დალაქიშვილის რეკომენდაცია
ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა ბავშვებში ტყუილის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებთან საუბრისას სიფრთხილე გამოიჩინონ:
„მესმის ყველა მშობლის, რომელსაც უნდა, რომ ბავშვთან არ დასჭირდეს იმ ლექციის წაკითხვა, რომ მე შენ ყველაფერს გაგიგებ, არ მითხრა ტყუილი, ყველაფერს გაგიგებ, რაც უნდა მწარე იყოს სიმართლე. სიმართლის სიმწარე ბავშვებს უკვე ძალიან აშინებთ, როდესაც დედის ემოცია შეიძლება იყოს საშიში. მშობლებო, ეცადეთ, ამ ემოციას, რომელიც გეუფლებათ რაღაც ფაქტის დროს, გამოხატვის სწორი ფორმა შეუსაბამოთ.
ვთქვათ ბავშვმა ცუდი ნიშანი მიიღო. თქვენ სრული უფლება გაქვთ გამოხატოთ წყენა, უთხრათ: „მეწყინა, მერჩივნა უკეთესი ნიშანი მიგეღო, იმიტომ, რომ მგონია, კარგად იმეცადინე, თუმცა არაუშავს.“ ისევ და ისევ გამოიყენეთ სიტყვა „არაუშავს.“ თუ თქვენ გადახვალთ შეურაცხყოფასა და დამცირებაზე, ის დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს. ბავშვს უჩნდება სირცხვილის, დანაშაულის გრძნობა. ეს იმდენად უსუსურს და სუსტს ხდის, რომ თუ კიდევ ერთხელ მოხდა მსგავსი შემთხვევა და ცუდი ნიშანი მიიღო, ის აუცილებლად მოგატყუებთ. შეიძლება მან საერთოდ სწავლაზეც თქვას უარი. ამიტომაც, გამოიყენეთ სიტყვა არაუშავს. ზუსტად იმ მომენტში, სადაც ბავშვს სჭირდებით და სუსტად გრძნობს თავს, თქვენი მხარდაჭერით, სანდოობით შეძლებთ, რომ ეს მდგომარეობა შეცვალოთ,“-აღნიშნულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.