Baby Bag

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორც ჩანს, უჭირთ კაცებს ქალი დაარწმუნონ, რომ ლამაზია, თორემ ასეთი რიცხვი სასოწარკვეთილი ქალების, წესით, არ უნდა იყოს,“ - ნათია ფანჯიკიძე

„როგორც ჩანს, უჭირთ კაცებს ქალი დაარწმუნონ, რომ ლამაზია, თორემ ასეთი რიცხვი სასოწარკვეთილი ქალების, წესით, არ უნდა იყოს,“ - ნათია ფანჯიკიძე

​ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ქართველ ქალებში ნაადრევი ასაკობრივი კრიზისის არსებობის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ბევრი სასოწარკვეთილი ქალია:

„ასაკობრივი კრიზისი ქართველ ქალებს ცოტა უფრო ადრე უდგებათ ხოლმე და კაცებსაც. სტრესში უფრო მალე ვარდებიან, მეტად ეშინიათ თავიანთი ნაოჭის თუ ფორმის შეცვლის. ეს ძალიან ცუდია. როგორც ჩანს, უჭირთ კაცებს ქალი დაარწმუნონ, რომ ლამაზია, თორემ ასეთი რიცხვი სასოწარკვეთილი ქალების, წესით, არ უნდა იყოს. ისიც არ არის ჯანსაღი, როდესაც ძალიან გადარეული ხარ ჯანსაღ ცხოვრებაზე. შეიძლება რაც ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებს, არ იყოს დიეტოლოგიის თვალსაზრისით ჯანსაღი, მაგრამ მთელი ცხოვრება ბროკოლის წიწკვნაში არ უნდა გაატარო და ხანდახან გადააყოლო ზედმეტი ულუფა ტორტი.“

ნათია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ძილს ყველა ადამიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

„ძილს 100%-იანი მნიშვნელობა აქვს ყველასთვის. ძილი არის ნეირონების მთავარი აღმდგენი. ღამის სამუშაოები უნდა იყოს განსაკუთრებით ანაზღაურებული, იმიტომ, რომ ადამიანი ​სწირავს სამსახურს თავის ჯანმრთელობას. ძილი ნამდვილად ის არის, რაც უნდა ვეცადოთ, რომ იყოს წესრიგში.“

„ყველა ადამიანს აქვს ენერგიის თავისი ბალანსი. თუ ადამიანს ჭარბი ენერგია აქვს, ვერ რეალიზდება და ვერ ხარჯავს, ის აუცილებლად რაიმეთი გახდება ავად, სულ იქნება აგრესიული. როდესაც ადამიანს დაბალი ენერგია აქვს, არ არის ძალიან ენერგიული და უწევს გადახარაჯოს მუდმივად რეზერვში შენახული ენერგია, ​ეს გრძელ ვადაში იწვევს გამოფიტვას და გადადის ავადმყოფობაში. არ დავხარჯოთ ფუჭი ენერგია ფორიაქში, არ დავხარჯოთ ფუჭი ენერგია ნერვიულობაში, შიშში, იმიტომ, რომ არცერთი ეს გრძნობა დიდად არ ჭრის პრობლემას, პირიქით, გვაკარგვინებს ენერგიას და აღარ გვრჩება მთავარი საქმისთვის,“ - აღნიშნულ საკითხზე ნათია ფანჯიკიძემ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ისაუბრა.

წყარო: ​„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“

წაიკითხეთ სრულად