Baby Bag

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ფიჭვნარს. რამდენიმე წელი ზედიზედ ფიჭვნარში დასვენება იძლევა იმუნიტეტის სტაბილიზაციას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ფიჭვნარს. რამდენიმე წელი ზედიზედ ფიჭვნარში დასვენება იძლევა იმუნიტეტის სტაბილიზაციას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვის იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად ​კურორტული მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კურორტზე დასვენება ბავშვს კონკრეტული დაავადებისგან არ განკურნავს, მაგრამ მისი იმუნიტეტის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს:

„რა თქმა უნდა, კურორტული მკურნალობა ძალიან კარგია, თუმცა არანაირი ნაშრომით არ მტკიცდება, რომ რომელიღაც დაავადებას აუცილებლად განკურნავს კურორტული მკურნალობა. ამ შემთხვევაში, მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებზე ვსაუბრობ.“

„ჰაერის გამოცვლა ბავშვისთვის, მისი გაყვანა რეკრეაციულ ზონებში, ​ზამთარში ზამთრის კურორტებზე, ხოლო ზაფხულში ფიჭვნარში გაყვანა, შემდგომ კი ზღვაზე, ძალიან სასარგებლოა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ფიჭვნარს. რამდენიმე წელი ზედიზედ ფიჭვნარში დასვენება იძლევა იმუნიტეტის სტაბილიზაციას. ეს ისედაც ძალიან კარგია. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ბაკურიანი, ძვირფასი კურორტები და ძვირფასი სასტუმროები. ნებისმიერ სოფელში წაიყვანონ ბავშვი. უბრალოდ გაარიდონ ქალაქს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად