Baby Bag

„ემოციების გამოხატვისგან თავი არ უნდა შევიკავოთ“

„ემოციების გამოხატვისგან თავი არ უნდა  შევიკავოთ“

უნდა შევიკავოთ თუ არა თავი ემოციების გამოხატვისგან? - აღნიშნულ კითხვას ​ფსიქოთერ​აპიისა და კონსულტაციის სახლ „დიალოგის ფსიქოლოგმა ქეთი მესხსიშვილმა უპასუხა.

„ემოციების გამოხატვისგან თავი არ უნდა  შევიკავოთ. თუმცა მნიშვნელოვანია, რა ფორმით გამოვხატავთ ემოციას. ყოველი შეკავებული ემოცია დროთა განმავლობაში ძალიან ცუდად მოქმედებს თითოეულ ჩვენგანზე. ადამიანი ნელ-ნელა ივსება შეკავებული ემოციისგან და მერე, ვისაც რომელი ორგანო აქვს სუსტი, იმაზე ხდება ჩაჭიდება და პრობლემების გაჩენა. მაგალითად, ინსულტი, თრომბი...

გაბრაზება მოძრაობას, მოქმედებას ითხოვს. სტრესის, გაღიზიანების დროს სისხლძარღვებში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ადრენალინი, რომელიც სისხლძარღვებში მოძრაობს და „გამოსტყორცნა“ სჭირდება. ამ დროს სუნთქვა ხდება ზედაპირული, ადრენალინის ინტენსივობა ნელ-ნელა იკლებს, თუმცა აგრძელებს მოძრაობას და ჩერდება კუნთებში, რადგან ეს ის ორგანოა, რომელიც მუდმივად მოქმედებაშია და ადრენალინს კი როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ მოძრაობა სჭირდება.

ბავშვები როდესაც ბრაზდებიან, ხელ-ფეხს აქნევენ, ყვირიან, კივიან... ეს კარგია. მთავარია, ამ დროს ბავშვი არ დაზიანდეს. ემოციებისგან განთავისუფება აუცილებელი და საჭიროა.

ჩვენი კულტურული და აღზრდის თავისებურებიდან გამომდინარე, გაბრაზება უმეტესად აკრძალულია, განსაკუთრებით მძაფრი ფორმებით (წივილ-კივილი, ჩხუბი). გაბრაზება კი ზუსტად ასეთი ძლიერი ემოციაა, რომლისგანაც ადამიანი აუცლებლად უნდა დაიცალოს. როცა ემოციების გამოხატვისგან თავს ვიკავებთ და გონებით ვაკონტროლებთ ამ ყველაფერს, ეს კი წლების განმავლობაში გრძელდება, მერე საკმაოდ ბევრ დაავადებას იწვევს. როგორც უკვე ვახსენე,  ნებისმიერი დაავადება შეიძლება იყოს ფსიქო-სომატური, ანუ ემოციების ფონზე გაჩენილი. თუნდაც დაავადებამდე სანამ მივალთ, უძილობა, ქრონიკული თავის ტკივილები, გადაღლიილობა, დაღლილი გაღვიძება. ეს ის მდგომარეობაა, როცა კუნთები ამდენი შეკავებული ემოციისგან ძალიან არის დაჭიმული, ვეღარ ხერხდება მოდუნება და შესაბამისად, თუ კუნთები არ მოდუნდა, ვერ ისვენებს ადამიანი.

რა არის გამოსავალი?

გაბრაზებას სჭირდება კონკრეტული ადრესატი, მე თუ ვინმეზე ვარ გაბრაზებული, უნდა მივიდე და ვუთხრა. როგორ უნდა მოხდეს ეს? - კი არ უნდა უთხრათ, თუ როგორი უპასუხისმგებლო და უზრდელია, არამედ უნდა აუხსნათ, რას გრძნობთ. ეს შეგიძლიათ შემდეგი სიტყვებით გამოხატოთ - შენ რომ ასე მოიქეცი, მე გავბრაზდი, მე მეწყინა, მე გავღიზიანდი. აქცენტი უნდა გაკეთდეს „მეზე“. მე წინადადებებით ნათქვამს მეორე ადამიანი თავდასხმად არ აღიქვამს, გისმენს და შემდეგ მისი ნებაა, მიიღებს შენს ნათქვამს თუ არა. აქ ყველზე მნიშვნელოვანია, რომ მე ვთავისუფლდები შეკავებული ემოციისგან. იმის გაჟღერებაც კი, რომ „მე გაბრაზებული ვარ“, ზოგჯერ საკმარისია ემოციების დაცლისთვის. თუ ეს არ არის საკმარისი, მაშინ კარგია, განმარტოება და თუნდაც კედელს მიარტყა ხელი (თავი არ უნდა დაიზიანო), კალამი გადატეხო და თქვა - უხ, როგორი გაბრაზებული ვარ. საკუთარ თავთან გულახდილი ლაპარაკი ასევე საუკეთესო საშუალებაა ემოციებისგან დასაცლელად“, - აღნიშნა ​ფსიქოლოგმა ქეთი მესხიშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად