Baby Bag

ბავშვმა ტანტრუმით ვერ უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს - რა არის ტანტრუმი და როგორ ვმართოთ ის?

ბავშვმა ტანტრუმით ვერ უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს - რა არის ტანტრუმი და როგორ ვმართოთ ის?

რა არის ტანტრუმი, როგორ ვლინდება და როგორ გავუმკლავდეთ მას? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე.

- მარი, რომ განვმარტოთ, რა არის ტანტრუმი?

- ტანტრუმი არის ემოციების „ამოხეთქვა“, რაც ადრეულ ასაკში ხშირად ვლინდება გადაღლილობის, იმედგაცრუების, ბრაზის გამო. ასეთ დროს ბავშვი ტირის, ყვირის, ფეხებს აბაკუნებს, წვება იატაკზე. შეიძლება გამოავლინოს თვითდამაზიანებელი ქცევაც.

- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, რომ თავიდან აიცილონ ბავშვის მსგავსი ქცევა?

- მშობლებს ვურჩევ, რომ ბავშვებს საზღვრები დაუწესონ. აუცილებელია ჰქონდეთ განსაზღვრული რუტინა. პატარებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლონ სასურველის მიღების გადავადება „ჯერ“ და „შემდეგ“. მაგალითად, ჯერ დავითვალოთ სამამდე და მერე გავაგოროთ ბურთი ან მერე ჩამოვსრიალდეთ სასრიალოზე. ექვსი თვის ბავშვი ბუნებრივია, რომ სასურველს ტირილით მოითხოვს, მაგრამ 4 წლის ბავშვთან, რომელსაც შეუძლია მეტყველება, ეს ნორმად არ უნდა ჩათვალოს მშობელმა. მეტყველებას ხაზს ვუსვამ, რადგან ხშირად ტანტრუმის მიზეზი ისიც არის, რომ ბავშვი მშობელს ვერ აგებინებს, რა უნდა.

- თუ უკვე დაეწყო ბავშვს ტანტრუმი, ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ?

- მშობელი უნდა დააკვირდეს, როდის ვლინდება ტანტრუმი, რა არის მისი წინაპირობა და რა შედეგს იღებს ბავშვი. მაგალითად, თუ მაღაზიაში ყოფნის დროს ბავშვი ითხოვს სათამაშოს, მშობელი თავიდან უარს ეუბნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბავშვი ძირს გაწვება, იტირებს, იყვირებს, თანხმდება და ყიდულობს ამ სათამაშოს, მას ეს ქცევა აუცილებლად განუმტკიცდება. ბავშვმა უკვე იცის, რომ სხვა დროსაც შეძლებს სასურველის მიღებას მსგავსი ქცევით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტანტრუმით ვერ მიიღოს სასურველი. ტანტრუმი არა მხოლოდ სასურველის მიღებისთვის, ხშირად რაიმეს თავიდან არიდებისთვისაც ვლინდება. მაგალითად, ბავშვი უარს აცხადებს ხელების დაბანაზე, ან სახლიდან გასვლის წინ ფეხსაცმლის ჩაცმაზე. ამ შემთხვევაშიც არ უნდა დანებდეს მშობელი, უნდა შეამოწმოს, რამდენად კომფორტულია ფეხსაცმელი ბავშვისთვის, ან წყალი ხომ არ არის ძალიან ცხელი.
ეს რეკომენდაციები პირდაპირ, ხისტად არ უნდა შევასრულოთ, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ტანტრუმის გამოვლენის წინაპირობასაც. მშობელმა ასევე უნდა ასწავლოს ბავშვს მარტივი ინსტრუქციების შესრულება, ამისთვის კი უმარტივესი გზაა ბავშვის მაქსიმალური ჩართვა ოჯახის რუტინაში, უნდა მივცეთ პატარა დავალებები და განსაკუთრებულად შევაქოთ, როდესაც შეასრულებს.

- არის თუ არა ისეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვმა მოაწყო ტანტრუმი, მაგრამ უმჯობესია ნაკლები ყურადღება გამოვიჩინოთ?

- ასეთ დროს, ბავშვები მშობლების რეაქციას აკვირდებიან ხოლმე. ამიტომ მნიშვნელოვანია თავი ისე მოვაჩვენოთ, თითქოს არ ვუყურებთ. ბავშვი უნდა რჩებოდეს ჩვენი თვალთახედვის არეში ან იყოს უსაფრთხო ოთახში, რომ არ დაიზიანოს თავი. როცა მშობელი შეამჩნევს, რომ იკლებს ტირილის, ყვირილის თუ სხვა გამოვლენილი ქცევის სიხშირე და ინტენსივობა, მხოლოდ ასეთ დროს შეუძლია გადაუტანოს სხვა რამეზე ყურადღება, დაეხმაროს დამშვიდებაში, მაგრამ ბავშვმა ტანტრუმით ვერ უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

​ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს ესაუბრებიან ნაკლებად არიან სტრესისაკენ მიდრეკილები და მეტი პროდუქტიულობითაც გამოირჩევიან

​ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს ესაუბრებიან ნაკლებად არიან სტრესისაკენ მიდრეკილები და მეტი პროდუქტიულობითაც გამოირჩევიან

როგორ ვესაუბროთ საკუთარ თავს?

არსებობს ძველი ხუმრობა, შეშლილი არ ხარ თუ საკუთარ თავს ესაუბრები, მხოლოდ მაშინ თუ დიალოგს მართავ მასთან...

მაგრამ, ახალი კვლევები ამ საკითხსაც განსხვავებულად განიხილავს. ადამიანები, რომლებიც საუბრობენ საკუთარ თავთან და პასუხს სცემენ თავიანთ აზრებს, ანუ შედიან დიალოგში - ნაკლებად არიან სტრესისაკენ მიდრეკილები და მეტი პროდუქტიულობითაც გამოირჩევიან.

ერთ-ერთ კვლევა, რომელიც ჯეისონ მოსერის მიერმა ჩაატარა, ასე გამოიყურება: მკვლევარები სთავაზობდნენ მონაწილეებს, რომ ჩართულიყვნენ ექსპერიმენტში, რომელიც შინაარსობრივად მოიცავდა ნეგატიურ გამოცდილებებს (დაეთვალიერებინათ მოცემული სურათები და გაეხსენებინათ ნეგატიური მოგონებები მათი ცხოვრებიდან). მანამ სანამ პირველი ჯგუფის წევრები საუბრობდნენ პირველ პირში და თხრობისას იყენებდნენ ,,მე“ ნაცვალსახელს, მეორე ჯგუფს დაევალა, რომ ეს ისტორიები მესამე პირში მოეთხროთ. მკვლევარებმა შეაჯამეს მიღებული შედეგები ტვინზე დაკვირვების საშუალებით, რის მიხედვითაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც, საკუთარი გამოცდილების შესახებ, მესამე პირში საუბრობდნენ, უფრო კარგად ახერხებდნენ ემოციების რეგულაციასა და თვით კონტროლს. რეალური საფუძველი, რის გამოც ეს ექსპერიმენტი ჩატარდა ისაა, რომ საკუთარ თავთან, როგორც კონკრეტულ პირთან კონტაქტი, ანუ მესამე პირში საკუთარი თავის მოხსენიება, ისე თითქოს ესაუბრებოდეთ ვიღაცას, გვეხმარება გამოვიმუშავოთ ფსიქოლოგიური დისტანცია მოვლენებს, გამოცდილებასა და საკუთარ თავს შორის. ეს თვითდისტანცირება აბლაგვებს იმ ემოციურ დაბნეულობასა და სიმწვავეს, რომელიც შეიძლება ამ გამოცდილებამ განგვაცდევინოს.

როგორ სჯობს, ვესაუბროთ საკუთარ თავს?

ისე როგორც თავად გრძნობთ კომფორტულად. არ იგრძნოთ სტიგმა საკუთარ თავთან საუბრისას და არც მაშინ იყოყმანოთ, როცა საკუთარ თავს ესაუბრებით, ისე როგორც სხვა ადამიანს. დააჯერეთ თავი რომ ,,თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება“, ასეთი ტიპის საუბარი გვეხმარება ისეთი სახის დავალებებში, როგორიცაა, მაგალითად - რაიმეს პოვნა სუპერმარკეტში ან ახალი კონცეფციების სწრაფად ათვისება. წაახალისეთ თქვენი თავი რთული დავალებების შესრულებისას, და როდესაც რაიმე ახალს ისწავლით, აუხსენით ეს იდეა თქვენს თავს მშვიდად. არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელსაც ალბერტ აინშტაინი მუდმივად იყენებდა საკუთარ თავთან საუბრისას, იმეორებდა კონკრეტულ წინადადებებს, ისევ და ისევ.

საკუთარ თავთან დიალოგი სულაც არ არის ცუდი, პირიქით შესაძლოა საუბარზე უარის თქმა მეტად უარესი იყოს, საუბრით კი შეგიძლიათ შეცვალოთ დეტალები უკეთესობისაკენ!

 ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი ​„დიალოგი".

წაიკითხეთ სრულად