„სამ წლამდე ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება. იმისთვის, რომ მოხდეს მისი თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად განვითარება, მნიშვნელოვანია მუსიკის მოსმენა“
რა ზეგავლენას ახდენს მუსიკა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, რას უწყობს ხელს და როგორ მუსიკას მივანიჭოთ უპირატესობა, როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე ბავშვის დაბადების შემდეგ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი.
- ქალბატონო ლელი, აქვს თუ არა მნიშვნელობა ბავშვების პიროვნული, ფსიქო-ემოციური განვითარების კუთხით მუსიკას, რომელსაც ვასმენინებთ?
- სკოლამდელი ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც საფუძველი ეყრება და ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბება, რომელზეც პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ეკისრება ოჯახს (მშობლებს) და შემდეგ მის სოციალურ გარემოს. ამ პერიოდში, გარდა კოგნიტური უნარებისა, ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ფსიქო-ემოციური განვითარება. სკოლამდელ ასაკში ბავშვი უკვე ფლობს ემოციების ფართო სპექტრს, შეუძლია მართოს საკუთარი ემოციური რეაქციები, უვითარდება ემოციური ექსპრესია, ემპათია და შეუძლია ადეკვატურად შეაფასოს საკუთარი ქმედებები და სხვა.
ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითრებაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს და ერთ-ერთი არის მუსიკის მოსმენა, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე და ხელს უწყობს მის კოგნიტური, ფიზიკური თუ შემოქმედებითი უნარების განვითარებას. უძველესი დროიდან მოყოლებული მუსიკა გამოიყენებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება. მაგალითად, ითვლებოდა, რომ მელანქოლიის მქონე ადამიანის გართობა აუცილებელი იყო მუსიკით. ამიტომ მიიჩნევდნენ, ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონოდა დაკვრის და სიმღერის უნარი. არისტოტელე ამბობდა, როდესაც ადამიანი უსმენს მუსიკას, მთლიანად იცვლება მისი სულიერი მდგომარეობაო.
მუსიკა გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. მას შეიძლება ჰქონდეს, როგორც დამამშვიდებელი, ასევე ამგზნები ზემოქმედება. ის ხელს უწყობს დადებითი ემოციების განვითარებას. მრავალი კვლევა არის ჩატარებული, თუ რა გავლენა აქვს მუსიკას თავის ტვინზე და აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი მუსიკის მოსმენა ააქტიურებს თავის ტვინის ქერქს, განსაკუთრებით, საფეთქლის წილს, რომელიც სმენის ორგანოების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე არის პასუხისმგებელი და ასევე ააქტიურებს თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია ემოციებთან. თავის ტვინის ქერქის აქტივაცია აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას და სუნთქვას, ასტიმულირებს აზროვნების პროცესებს და აუმჯობესებს მეხსიერებას, რაც ხელს უწყობს ადამიანის ინტელექტუალური დონის ზრდას, შედეგად უმჯობესდება შრომისუნარიანობა. სამ წლამდე ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება, ამ პერიოდში იღებს ყველაზე მეტ ინფორმაციას. იმისთვის, რომ მოხდეს მისი თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად განვითარება, მნიშვნელოვანია მუსიკის მოსმენა, რადგანაც მელოდიას აღიქვამს ორივე ნახევარსფერო.
ადრეული ასაკიდან მუსიკის მოსმენა აფართოვებს ბავშვის ემოციურ გამოცდილებას, ეხმარება მას ემოციების გამოხატვას, გაცნობიერებასა და სხვისი ემოციების გაგებაში (ზოგადად ემოციური სფერო მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ჩამოყალიბებაში), ხელს უწყობს მის სულიერ, კულტურულ განვითარებას, ასევე ავითარებს მუსიკალურ გემოვნებას, ეხმარება სოციალიზაციაში და გავლენას ახდენს მეხსიერიების, აღქმის და ყურადღების კონცენტრაციის განვითარებაზე.
გარდა ამისა, მუსიკა გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, რადგან შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: რიტმი, ტემპი, მელოდია და სხვა, რაც მნიშვნელოვანია მოტორიკის განვითარებისთვის, აუმჯობესებს კოორდინაციას და მოძრაობას.
- რა სახის მუსიკას მივანიჭოთ უპირატესობა?
- უმჯობესია, ბავშვებს მრავალფეროვანი მუსიკა შევთავაზოთ: კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი და ჯაზი.
კვლევებმა აჩვენა, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით, მოცარტის, შოპენის და სხვათა ნაწარმოებების, ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის რაოდენობას, აქვს დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ააქტიურებს ყურადღებას, კონცენტრაციას და აუმჯობესებს მეხსიერებას.
- მითია თუ რეალობა, რომ ორსულობის პერიოდში კლასიკური მუსიკის მოსმენა ნაყოფზე დადებით ზეგავლენას ახდენს?
- არ არის მითი. მუცლად ყოფნის პერიოდში, დაახლობით 18 კვირამდე, უკვე შეუძლია ბგერების გარჩევა. დადასტურებულია, რომ ნაყოფი თავს აბრუნებს იქით, საიდანაც ესმის ხმა და დაახლოებით 25 კვირისთვის შეუძლია დედის ხმის, სიტყვების და რიტმის გარჩევა. ის რეაგირებს, როგორც მშვიდ და დაბალ, ასევე ხმამაღალ მუსიკაზე, ამიტომ უმჯობესია კლასიკური, მშვიდი და სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, რომელიც იწვევს დადებით განწყობას.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ბავშვის 3 ძირითადი მოთხოვნილება, რომელიც მას მშობელმა აუცილებლად უნდა დაუკმაყოფილოს - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის 3 ძირითადი მოთხოვნილება დაასახელა, რომელიც მას მშობელმა აუცილებლად უნდა დაუკმაყოფილოს:
„3 ძირითადი მოთხოვნილებააო, ასე ამბობენ ანალიტიკოსები. ერთი არის სარკისებური მოთხოვნილება. სარკეში რომ ჩაიხედავ და ეკითხები: ვინ არის ყველაზე ლამაზი? რა უნდა გიპასუხოს სარკემ? უნდა გიპასუხოს, რომ შენ ხარ. ამას ვინ გიკმაყოფილებს? მარტო მშობელი, სხვა ვერავინ, ისიც ბავშვობაში. მერე რამდენიც უნდა გეძახონ, ლამაზი ხარო, ვერ აკომპენსირებს.“
მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვს სჭირდება, რომ გვერდით მშობლის სახით იდეალური ადამიანი ჰყავდეს:
„მეორე მოთხოვნილება არის იდეალიზაციის. ადამიანს სჭირდება იდეალური ვიღაც, დედა ან მამა. „მამაჩემი ყველაზე ღონიერია, ახლა მოვა, ყველას გადაგყრით აქედან,“ - ბავშვი რომ ამბობს. როგორც ზრდასრულისთვის უსაფრთხოების გარანტი ღმერთია, ბავშვისთვის მარტო მშობელია ეს გარანტორი. მთელი უსაფრთხოება, როგორც ბავშვობაში, ასევე მომავალში დგას ბავშვობის გამოცდილებაზე. მე იდეალიზაცია მჭირდება. თუ ეს ვერ დამიკმაყოფილეს მშობლებმა, ადამიანზე ჩაციკვლა მემართება, ან ვეღარ ვიტან ადამიანს, ყველა ავტორიტეტი მძულს. დააკვირდით, ვინ ილანძღება, ვინც არის ბავშვობაში ძალიან ტრავმირებული. ეს ტრავმირებული ხალხია, რომლებიც ბავშვობაში თვითონ დასტრესილები არიან და ასე გამოხატავენ. ვისაც პატივისცემა არ აქვს, მას თვითონ არ სცეს პატივი არასდროს და არ იცის, რატომ უნდა სცეს ვინმეს პატივი.“
„მესამე არის, რომ ბავშვობიდან გვინდა ვგავდეთ სხვას. ძალიან გაშინებს, თუ არ ჰგავხარ. თუ ეს არ დაკმაყოფილდა, მერე რაღაცას იმატებს ადამიანი გარეგნობაში, რომ კომპენსაცია გაუკეთოს ამას,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ „აზროვნების აკადემიაში“ ისაუბრა.