„სამ წლამდე ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება. იმისთვის, რომ მოხდეს მისი თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად განვითარება, მნიშვნელოვანია მუსიკის მოსმენა“
რა ზეგავლენას ახდენს მუსიკა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, რას უწყობს ხელს და როგორ მუსიკას მივანიჭოთ უპირატესობა, როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე ბავშვის დაბადების შემდეგ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი.
- ქალბატონო ლელი, აქვს თუ არა მნიშვნელობა ბავშვების პიროვნული, ფსიქო-ემოციური განვითარების კუთხით მუსიკას, რომელსაც ვასმენინებთ?
- სკოლამდელი ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც საფუძველი ეყრება და ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბება, რომელზეც პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ეკისრება ოჯახს (მშობლებს) და შემდეგ მის სოციალურ გარემოს. ამ პერიოდში, გარდა კოგნიტური უნარებისა, ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ფსიქო-ემოციური განვითარება. სკოლამდელ ასაკში ბავშვი უკვე ფლობს ემოციების ფართო სპექტრს, შეუძლია მართოს საკუთარი ემოციური რეაქციები, უვითარდება ემოციური ექსპრესია, ემპათია და შეუძლია ადეკვატურად შეაფასოს საკუთარი ქმედებები და სხვა.
ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითრებაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს და ერთ-ერთი არის მუსიკის მოსმენა, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე და ხელს უწყობს მის კოგნიტური, ფიზიკური თუ შემოქმედებითი უნარების განვითარებას. უძველესი დროიდან მოყოლებული მუსიკა გამოიყენებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება. მაგალითად, ითვლებოდა, რომ მელანქოლიის მქონე ადამიანის გართობა აუცილებელი იყო მუსიკით. ამიტომ მიიჩნევდნენ, ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონოდა დაკვრის და სიმღერის უნარი. არისტოტელე ამბობდა, როდესაც ადამიანი უსმენს მუსიკას, მთლიანად იცვლება მისი სულიერი მდგომარეობაო.
მუსიკა გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. მას შეიძლება ჰქონდეს, როგორც დამამშვიდებელი, ასევე ამგზნები ზემოქმედება. ის ხელს უწყობს დადებითი ემოციების განვითარებას. მრავალი კვლევა არის ჩატარებული, თუ რა გავლენა აქვს მუსიკას თავის ტვინზე და აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი მუსიკის მოსმენა ააქტიურებს თავის ტვინის ქერქს, განსაკუთრებით, საფეთქლის წილს, რომელიც სმენის ორგანოების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე არის პასუხისმგებელი და ასევე ააქტიურებს თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია ემოციებთან. თავის ტვინის ქერქის აქტივაცია აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას და სუნთქვას, ასტიმულირებს აზროვნების პროცესებს და აუმჯობესებს მეხსიერებას, რაც ხელს უწყობს ადამიანის ინტელექტუალური დონის ზრდას, შედეგად უმჯობესდება შრომისუნარიანობა. სამ წლამდე ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება, ამ პერიოდში იღებს ყველაზე მეტ ინფორმაციას. იმისთვის, რომ მოხდეს მისი თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად განვითარება, მნიშვნელოვანია მუსიკის მოსმენა, რადგანაც მელოდიას აღიქვამს ორივე ნახევარსფერო.
ადრეული ასაკიდან მუსიკის მოსმენა აფართოვებს ბავშვის ემოციურ გამოცდილებას, ეხმარება მას ემოციების გამოხატვას, გაცნობიერებასა და სხვისი ემოციების გაგებაში (ზოგადად ემოციური სფერო მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ჩამოყალიბებაში), ხელს უწყობს მის სულიერ, კულტურულ განვითარებას, ასევე ავითარებს მუსიკალურ გემოვნებას, ეხმარება სოციალიზაციაში და გავლენას ახდენს მეხსიერიების, აღქმის და ყურადღების კონცენტრაციის განვითარებაზე.
გარდა ამისა, მუსიკა გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, რადგან შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: რიტმი, ტემპი, მელოდია და სხვა, რაც მნიშვნელოვანია მოტორიკის განვითარებისთვის, აუმჯობესებს კოორდინაციას და მოძრაობას.
- რა სახის მუსიკას მივანიჭოთ უპირატესობა?
- უმჯობესია, ბავშვებს მრავალფეროვანი მუსიკა შევთავაზოთ: კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი და ჯაზი.
კვლევებმა აჩვენა, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით, მოცარტის, შოპენის და სხვათა ნაწარმოებების, ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის რაოდენობას, აქვს დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ააქტიურებს ყურადღებას, კონცენტრაციას და აუმჯობესებს მეხსიერებას.
- მითია თუ რეალობა, რომ ორსულობის პერიოდში კლასიკური მუსიკის მოსმენა ნაყოფზე დადებით ზეგავლენას ახდენს?
- არ არის მითი. მუცლად ყოფნის პერიოდში, დაახლობით 18 კვირამდე, უკვე შეუძლია ბგერების გარჩევა. დადასტურებულია, რომ ნაყოფი თავს აბრუნებს იქით, საიდანაც ესმის ხმა და დაახლოებით 25 კვირისთვის შეუძლია დედის ხმის, სიტყვების და რიტმის გარჩევა. ის რეაგირებს, როგორც მშვიდ და დაბალ, ასევე ხმამაღალ მუსიკაზე, ამიტომ უმჯობესია კლასიკური, მშვიდი და სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, რომელიც იწვევს დადებით განწყობას.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მშობლობა საკმაოდ რთული პროფესიაა, რომელიც უდიდეს შრომას და ენერგიას მოითხოვს. მოთმინების უნარი ნებისმიერი მშობლისთვის უმნიშვნელოვანესია. მძიმე შრომა, ბავშვების წუწუნი, ტირილი და ხმაური ზოგჯერ საკმაოდ რთული გასაძლებია. ექსტრემალურ პირობებში მყოფმა მშობლებმა საკუთარ თავში უნდა იპოვონ ძალა, რათა საკუთარ ემოციებზე კონტროლო არ დაკარგონ. მომთმენი მშობლისთვის საჭირო თვისებების გამომუშავება ძალიან რთულია, მაგრამ მოთმინება მშობელს შვილთან ძლიერი ურთიერთკავშირის დამყარებაში ეხმარება. მომთმენი მშობლების შვილები თავს დაფასებულად და აღიარებულად გრძნობენ. თუ გსურთ, რომ მოთმინებამ არ გიღალატოთ და მშვიდი მშობელი იყოთ, გარკვეული თვისებების შეძენა აუცილებლად დაგჭირდებათ.
1. მომთმენი მშობლები ბევრ რამეზე ხუჭავენ თვალს
მშობელს ბავშვის გარკვეულ ქცევაზე თვალის დახუჭვა უნდა შეეძლოს. ეს განსაკუთრებით რთულია იმ მშობლებისთვის, რომლებსაც სისუფთავე უყვართ. თუ ბავშვები იატაკს რძით აბინძურებენ, კედელზე ფეხსაცმლის კვალს ტოვებენ ან სათამაშოებს ოთახში ფანტავენ, ამისგან ტრაგედია არ უნდა შექმნათ. მომთმენი მშობელი აცნობიერებს, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება და უწესრიგობის გამო ისტერიკის მოწყობა გამოსავალი არ არის. თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვებმა იატაკი დააბინძურეს, დალაგებისას სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ და მომხდარი ინციდენტის გარჩევისგან თავი შეიკავოთ.
2. მომთმენმა მშობელმა იცის, როდის უნდა გაიცინოს
მომთმენმა მშობელმა კარგად იცის, როდის უნდა გაიცინოს და როდის არ უნდა მიიღოს ბავშვის ქცევა სერიოზულად. ბავშვი კატასთან ერთად თამაშისას სახლში ნივთებს თუ გაფანტავს, ამ დროს დისციპლინაზე ლექციების წაკითხვას არ გირჩევთ. ნაცვლად ამისა, გირჩევთ ბავშვთან და ფისოსთან ერთად თქვენც გაერთოთ, გაიცინოთ და ფოტოებიც გადაიღოთ. თუ ერთად ბევრს იცინებთ, ამით ვითარებას განმუხტავთ. მოთმინების გამოჩენა და მსუბუქი მიდგომა ამ დროს ძალიან სასარგებლოა.
3. მომთმენი მშობელი საჭირო დროს შეჩერდება და ღრმად ჩაისუნთქავს
დედების ერთადერთი პროფესია მშობლობა არ არის. ზოგჯერ მათ იმდენი საქმის კეთება უხდებათ ერთბაშად, რომ ძლიერი სტრესის ქვეშ იმყოფებიან. როდესაც ჩაიდანი დუღს, ძაღლი გარეთ გასეირნებას საჭიროებს, ბავშვები კი ერთმანეთს ეჩხუბებიან, დედებს ღრმად ჩასუნთქვა და დამშვიდება სჭირდებათ. ამ თვისების გამომუშავება ყველა დედას ესაჭიროება. რთულ ვითარებაში ღრმად ჩასუნთქვა და სირთულეებთან გასამკლავებლად სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.
4. მომთმენმა მშობელმა ძალიან კარგად იცის, როგორ მოუსმინოს ბავშვს
მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შვილებთან საუბრის სწავლა. ბავშვებს არამხოლოდ ჩვენ უნდა ვესაუბროთ, არამედ მათი მოსმენაც უნდა შეგვეძლოს. ბავშვების შესახებ უამრავი რამის გაგება შეგვიძლია, როდესაც ვიცით, როგორ უნდა მოვუსმინოთ მათ. ჩვენი წარმოდგენები სამყაროზე მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც ბავშვები ხედავენ. მათ ყველაფრის თავისებური ინტერპრეტაცია აქვთ. როდესაც დედები ბავშვებს საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე საუბრის საშუალებას აძლევენ, ოჯახში იდილია მყარდება.
5. მომთმენმა მშობელმა იცის, როგორ გაუგოს ბავშვს
მომთმენ მშობელს მაშინაც კი შეუძლია შვილის გაგება და მისდამი ემპათიის გამოხატვა, როდესაც ის ირაციონალურ ქცევას ავლენს. საწოლის ქვეშ ძრომიალი და კარადის გამოლაგება ბავშვის დასარწმუნებლად, რომ ოთახში მონსტრები არ არიან, დროს და ენერგიას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, მომთმენი მშობელი ამას აუცილებლად გააკეთებს, რადგან კარგად ესმის, რამდენს ნიშნავს მსგავსი ქმედება მისი შვილისთვის, რომელსაც ეშინია.
6. მომთმენი მშობლები ხშირად ისეთივე ბავშვურები არიან, როგორც შვილები
მომთმენმა მშობელმა იცის, თუ როგორი მნიშვნელოვანია ბავშვურობა პატარებთან ურთიერთობაში. ის მთლიანად ერთვება შვილებთან თამაშში და ამ დროს სრულად ივიწყებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც მის ცხოვრებაში არსებობს. ბავშვებისთვის მხიარული, კრეატიული და ბავშვური გართობის მნიშვნელობა ძალიან დიდია. მსგავსი თამაში მნიშვნელოვანი გადახვევაა ყოველდღიური რუტინიდან და წესებიდან, რომელთა დაცვა მათ მუდმივად უწევთ. მომთმენი მშობელი ყოველდღიურად ახერხებს დროის გამონახვას ბავშვური გართობისთვის.