„სამ წლამდე ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება. იმისთვის, რომ მოხდეს მისი თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად განვითარება, მნიშვნელოვანია მუსიკის მოსმენა“
რა ზეგავლენას ახდენს მუსიკა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, რას უწყობს ხელს და როგორ მუსიკას მივანიჭოთ უპირატესობა, როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე ბავშვის დაბადების შემდეგ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი.
- ქალბატონო ლელი, აქვს თუ არა მნიშვნელობა ბავშვების პიროვნული, ფსიქო-ემოციური განვითარების კუთხით მუსიკას, რომელსაც ვასმენინებთ?
- სკოლამდელი ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც საფუძველი ეყრება და ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბება, რომელზეც პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ეკისრება ოჯახს (მშობლებს) და შემდეგ მის სოციალურ გარემოს. ამ პერიოდში, გარდა კოგნიტური უნარებისა, ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ფსიქო-ემოციური განვითარება. სკოლამდელ ასაკში ბავშვი უკვე ფლობს ემოციების ფართო სპექტრს, შეუძლია მართოს საკუთარი ემოციური რეაქციები, უვითარდება ემოციური ექსპრესია, ემპათია და შეუძლია ადეკვატურად შეაფასოს საკუთარი ქმედებები და სხვა.
ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითრებაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს და ერთ-ერთი არის მუსიკის მოსმენა, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე და ხელს უწყობს მის კოგნიტური, ფიზიკური თუ შემოქმედებითი უნარების განვითარებას. უძველესი დროიდან მოყოლებული მუსიკა გამოიყენებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება. მაგალითად, ითვლებოდა, რომ მელანქოლიის მქონე ადამიანის გართობა აუცილებელი იყო მუსიკით. ამიტომ მიიჩნევდნენ, ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონოდა დაკვრის და სიმღერის უნარი. არისტოტელე ამბობდა, როდესაც ადამიანი უსმენს მუსიკას, მთლიანად იცვლება მისი სულიერი მდგომარეობაო.
მუსიკა გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. მას შეიძლება ჰქონდეს, როგორც დამამშვიდებელი, ასევე ამგზნები ზემოქმედება. ის ხელს უწყობს დადებითი ემოციების განვითარებას. მრავალი კვლევა არის ჩატარებული, თუ რა გავლენა აქვს მუსიკას თავის ტვინზე და აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი მუსიკის მოსმენა ააქტიურებს თავის ტვინის ქერქს, განსაკუთრებით, საფეთქლის წილს, რომელიც სმენის ორგანოების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე არის პასუხისმგებელი და ასევე ააქტიურებს თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია ემოციებთან. თავის ტვინის ქერქის აქტივაცია აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას და სუნთქვას, ასტიმულირებს აზროვნების პროცესებს და აუმჯობესებს მეხსიერებას, რაც ხელს უწყობს ადამიანის ინტელექტუალური დონის ზრდას, შედეგად უმჯობესდება შრომისუნარიანობა. სამ წლამდე ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება, ამ პერიოდში იღებს ყველაზე მეტ ინფორმაციას. იმისთვის, რომ მოხდეს მისი თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად განვითარება, მნიშვნელოვანია მუსიკის მოსმენა, რადგანაც მელოდიას აღიქვამს ორივე ნახევარსფერო.
ადრეული ასაკიდან მუსიკის მოსმენა აფართოვებს ბავშვის ემოციურ გამოცდილებას, ეხმარება მას ემოციების გამოხატვას, გაცნობიერებასა და სხვისი ემოციების გაგებაში (ზოგადად ემოციური სფერო მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ჩამოყალიბებაში), ხელს უწყობს მის სულიერ, კულტურულ განვითარებას, ასევე ავითარებს მუსიკალურ გემოვნებას, ეხმარება სოციალიზაციაში და გავლენას ახდენს მეხსიერიების, აღქმის და ყურადღების კონცენტრაციის განვითარებაზე.
გარდა ამისა, მუსიკა გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, რადგან შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: რიტმი, ტემპი, მელოდია და სხვა, რაც მნიშვნელოვანია მოტორიკის განვითარებისთვის, აუმჯობესებს კოორდინაციას და მოძრაობას.
- რა სახის მუსიკას მივანიჭოთ უპირატესობა?
- უმჯობესია, ბავშვებს მრავალფეროვანი მუსიკა შევთავაზოთ: კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი და ჯაზი.
კვლევებმა აჩვენა, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით, მოცარტის, შოპენის და სხვათა ნაწარმოებების, ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის რაოდენობას, აქვს დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ააქტიურებს ყურადღებას, კონცენტრაციას და აუმჯობესებს მეხსიერებას.
- მითია თუ რეალობა, რომ ორსულობის პერიოდში კლასიკური მუსიკის მოსმენა ნაყოფზე დადებით ზეგავლენას ახდენს?
- არ არის მითი. მუცლად ყოფნის პერიოდში, დაახლობით 18 კვირამდე, უკვე შეუძლია ბგერების გარჩევა. დადასტურებულია, რომ ნაყოფი თავს აბრუნებს იქით, საიდანაც ესმის ხმა და დაახლოებით 25 კვირისთვის შეუძლია დედის ხმის, სიტყვების და რიტმის გარჩევა. ის რეაგირებს, როგორც მშვიდ და დაბალ, ასევე ხმამაღალ მუსიკაზე, ამიტომ უმჯობესია კლასიკური, მშვიდი და სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, რომელიც იწვევს დადებით განწყობას.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა შეიძლება იყოს ბავშვის აგრესიული ქცევის გამომწვევი მიზეზი და რა რეაგირება უნდა ჰქონდეთ გარშემომყოფებს?
რა შეიძლება იყოს ბავშვის აგრესიული ქცევის გამომწვევი მიზეზი და რა რეაგირება უნდა ჰქონდეთ გარშემომყოფებს? - ამ საკითხზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი მაკო გაგნიძე.
- რა შეიძლება იყოს ბავშვის აგრესიული ქცევის გამომწვევი მიზეზი?
- ბავშვები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არც თუ ისე იშვიათად მიმართავენ აგრესიულ ქცევას. ხშირად გარშემომყოფთა ქცევაზე დაკვირვების შედეგად დაისწავლიან აგრესიულ ქცევას, შესაბამისად, მათ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოჯახის, სამეზობლოს, სკოლის, ზოგადად, სოციუმის ფაქტორი, რადგან სწორედ იქ და მათზე დაკვირვებით იღებს ქცევის პირველ გამოცდილებას. აგრესიით კომუნიკაცია შესაძლოა, ბევრად უფრო რთულ და სიღრმისეულ პრობლემებზე მიუთითებდეს, ვიდრე მხოლოდ დასწავლილი ქცევა, ის ხშირად სოციალური და ემოციური პრობლემების მანიშნებელია.
ასევე გარემოს სხვადასხვა მახასიათებელი, რომელშიც ადამიანი იმყოფება, ზრდის ან ამცირებს აგრესიული ქმედებების ალბათობას. გარდა ამისა, ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლები მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრესიული ქცევის გამოვლინებაში. ბავშვის აგრესიული ქცევის ჩამოყალიბებაზე შესაძლოა, გავლენა მოახდინოს უამრავმა ფაქტორმა, როგორც სამედიცინო დიაგნოზმა, ასევე სოციალურმა ფაქტორებმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს იზრდება იმ სამედიცინო კვლევების რაოდენობა, რომლებიც ადასტურებენ ტელეეკრანებზე ნანახი ძალადობის სცენების ხელშეწყობას და აუდიტორიის აგრესიის დონის ამაღლებას.
- რა ფორმებით შეიძლება გამოვლინდეს აგრესიული ქცევა?
- არსებობს აგრესიული ქცევის სხვადასხვა ფორმა, თუმცა ალბათ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ფიზიკურ და ვერბალურ აგრესიაზე. ფიზიკური აგრესია არის ფიზიკური ძალის გამოყენება სხვა ადამიანის მიმართ (მაგალითად, დარტყმა, საგნების სროლა). ვერბალური აგრესია, მაგალითად, ყვირილი, გინება, ლანძღვა, მუქარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა. პატარა, კერძოდ, სკოლამდელ ასაკში აგრესიულ ქცევას შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული ფუნქცია, იყოს არასასურველის არიდებით გამოწვეული, ან სასურველის მისაღებად განხორციელებული. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ურთიერთშეთანხმება და სწორი ფორმის სწავლება.
- რა უნდა იცოდეს გარშემომყოფმა იმისთვის, რომ სწორად გაუმკლავდეს გამოვლენილ აგრესიას?
- აბსოლუტურად გასაგებია, რომ „ბუნებრივი“ აგრესიული პოტენციალი არსად არ ქრება, უბრალოდ ბავშვმა უნდა ისწავლოს საკუთარი იმპულსების კონტროლი, ან მათი გამოხატვა საზოგადოებაში მისაღები ფორმით. სწორედ აქ, მნიშვნლოვანია სოციუმი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ - ოჯახი, აღზრდის ტიპი, მშობლის და შვილის ემოციური ფონი. გავიმეორებ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი, მშობლის ქცევა და დამოკიდებულებაა, ამიტომ აგრესიული ქცევის პრევენციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა მშობლის სიზუსტე საკუთარ თავთან და შვილთან მიმართებაში. ის (მშობელი) უნდა ეცადოს, რომ არა მხოლოდ შეგონებით, არამედ საკუთარი ქცევითი მაგალითით ბავშვი პატარა ასაკიდანვე მიაჩვიოს პრობლემების აგრესიული მეთოდების გარეშე გადაჭრას, გამოსავლის მშვიდად ძიებას და პოვნას. ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური, თუკი მშობლის ძალისხმევის მიუხედავად პრობლემა მაინც დაუძლეველია, დაიხმარეთ სპეციალისტი (ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი). კომპეტენტური სპეციალისტის რეკომენდაციით, სხვადასხვა ტექნიკით შესაძლებელია აღმოვფხვრათ პრობლემა.
- რა შემთხვევაში შეიძლება გამწვავდეს მდგომარეობა?
- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აგრესიაზე აგრესიითვე პასუხი. ასეთ დროს მდგომარეობა ნამდვილად გამწვავდება, შესაძლოა გაჩნდეს დამატებითი სირთულეებიც. მშობელი-შვილის ურთიერთობის სირთულე, დამატებითი ქცევითი სირთულეები, ამიტომ თუკი მშობელი ვერ უმკლავდება გარკვეულ გამოწვევებს, სჯობს მიმართოს სპეციალისტს.