ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მთავარია, რომ გონივრულობის ფარგლებში მოხდეს შვილიშვილის გათამამება,“- ფსიქოთერაპევტი ნინო ახალაია
ფსიქოთერაპევტი ნინო ახალაია ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ბებიებისა და ბაბუების შვილიშვილებისადმი დამოკიდებულების თავისებურებებს განიხილავს. მისი თქმით, ბებიებმა და ბაბუებმა მშობლებს ბორკილები არ უნდა დაადონ, რათა ბავშვის თვალში მათი ავტორიტეტი არ შელახონ:
ნინო ახალაია აღნიშნავს, რომ მშობელს ბავშვთან ურთიერთობისთვის სივრცე აუცილებლად უნდა ჰქონდეს:
„მშობელს უნდა მიეცეს სივრცე ბავშვთან ურთიერთობაში. ის, რომ ბებიას ან ბაბუას სხვა პრინციპები აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ის უპირობოდ მართალია. თუ შენ მეკითხები აზრს, მე რჩევას გაძლევ, იმიტომ, რომ შენს ადგილას მე ასე მოვიქცეოდი. რჩევას მაშინ აქვს აზრი, როდესაც გთხოვენ ამ რჩევას. ბებიები და ბაბუები თანმიმდევრულობაში ხელისშემშლელები გამოდიან შვილიშვილისადმი ჰიპერმზრუნველობის გამო. როდესაც ოჯახში რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს ზღვარი ძნელი დასაცავია. ყველაზე დიდი შეცდომა ამ დროს არის ის, რომ მშობლის ავტორიტეტს ლახავენ ბავშვის თვალში. მშობელი, შესაძლოა, მართალი არ იყოს, მაგრამ ისეთი ტიპის გამოქომაგება, რომელიც მის ავტორიტეტს შელახავს, მომავალში დამაზიანებელი იქნება თავად ბავშვისთვის. ბავშვმა იცის, რომ თუ რაიმე წესს დაარღვევს, მას თავშესაფარი აქვს ბებიასთან და ბაბუასთან. ამ თავშესაფარში მარტო ბავშვის ნუგეშისცემა კი არ ხდება, არამედ ხდება ბავშვში მშობლის მიმართ დაგროვილი აგრესიის წაქეზებაც.“
„ძალიან კარგია, როდესაც მშობელს არ სჭირდება ძიძა და ბებია-ბაბუას შეუძლია ეს ფუნქცია შეითავსოს, შვილიშვილის ბავშვობა გახადოს უფრო მდიდარი. როდესაც მშობლები ბებია-ბაბუასთან ტოვებენ ბავშვს, ნერვიულობენ, რომ ჯანსაღი კვების, ძილის, გაჯეტებთან გატარებული დროის ბალანსი დაერღვეს ბავშვს. ყველაზე მთავარია, რომ გონივრულობის ფარგლებში მოხდეს შვილიშვილის გათამამება. ეს ხომ მოგონებაა ბავშვისთვის. ხისტი წესების დაცვის შემდეგ მას კვირის ბოლოს ბებია-ბაბუასთან განებივრების შესაძლებლობა აქვს. ყველა სახლს თავისი წესი აქვს. ის მურაბა, ის ტკბილეული, გვიან დაძინება, ბევრად სასარგებლოა ბავშვის ფსიქიკისთვის, ვიდრე სახლში ნაჭამი ყოველდღიური ჯანსაღი საკვები,“ - აცხადებს ნინო ახალაია.