Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახის შექმნა რომ გადავწყვიტეთ, ჩვენ უკვე ველოდებოდით პატარას,“ - თეა წულუკიანი

„მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახის შექმნა რომ გადავწყვიტეთ, ჩვენ უკვე ველოდებოდით პატარას,“ - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა კითხვები“ ოჯახის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაოჯახებამდე ის და მისი მომავალი მეუღლე უკვე პატარას მოლოდინში იყვნენ:


„მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახის შექმნა რომ გადავწყვიტეთ, ჩვენ უკვე ველოდებოდით პატარას. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო მარტივად მისაღები არავისთვის, მე უკვე იუსტიციის მინისტრი ვიყავი ამ დროს. ჩემი ოჯახის მხრიდან იმაზე იყო ნერვიულობა, რომ აღარ დამთავრდა ეს ჩვენი ლანძღვა, კრიტიკა, ახლა კიდევ ახალი საფუძველი შეიქმნა იმისა, რომ გლანძღონ.“

„ჩემი მეუღლე ჩემზე უმცროსია და ასეთი ხუმრობა იყო, რამაც ძალიან გამაცინა, რომ მხოლოდ მაკრონი სჯობნის, დანარჩენს ყველას აჯობაო. ამით ერთობოდა ზოგიერთი ოპონენტი. მე მომწონს, კარგი ხუმრობაა. ჩემს მშობლებს ეს ხუმრობა არ მოეწონათ. მამაჩემი სანამ ცოცხალი იყო ყოველთვის მაჩვენებდა, რომ არაფერი ისეთი არ ხდება, რის გამოც შეიძლება ვინერვიულო. ის მეუბნებოდა, რომ არასდროს პასუხი არ გასცე,“- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წყარო: ​„სხვა კითხვები“

წაიკითხეთ სრულად