Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქალბატონებო, ნუ შეხედავთ ზერელედ ანორგაზმიას, ეს არის პრობლემა, რომელიც მერე ხდება როგორც გინეკოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური,“- სექსოლოგი ლევან კობალაძე

„ქალბატონებო, ნუ შეხედავთ ზერელედ ანორგაზმიას, ეს არის პრობლემა, რომელიც მერე ხდება როგორც გინეკოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური,“- სექსოლოგი ლევან კობალაძე

სექსოლოგმა ლევან კობალაძემ ქალებში გავრცელებული პრობლემის ანორგაზმიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ქალების 50%-ს მსგავსი პრობლემა აწუხებს:

„ანორგაზმია არის, როდესაც ქალი ვერ განიცდის სიამოვნებას. საქართველოში 50%-მდე ქალებს აქვთ ცხოვრების ასეთი სტილი. ეს ქალები ყველა შემთხვევაში ფრიგიდულები არიან, ანუ მათი ბრალია? რასაკვირველია, არა. ეს მათი პარტნიორების ბრალია უმეტეს შემთხვევაში. მამაკაცებმა არ იციან, სწორად როგორ იმოქმედონ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ წყვილთან ვიმუშაოთ. ზოგჯერ ერთი პარტნიორისგან სულ სხვა რამეს ისმენ და სულ სხვა რამეა, როდესაც მეორე პარტნიორს მოუსმენ.“

ლევან კობალაძის თქმით, ბევრი ქალი ანორგაზმიას აგდებულად უდგება, რაც არასწორია:

„ბევრი ქალი აგდებულად უდგება ანორგაზმიას: „რა მოხდა, 50%-ს თუ არ აქვს, მეც თუ არ მექნება რა მოხდა?!“ შეხედეთ ქალაქში რამდენი აგრესიული ქალბატონია, კაცებიც მათ შორის. ჩვენ სამი წლის წინ ჩავატარეთ კვლევა. როდესაც ანორგაზმიაა ქალებში, სექსუალური აქტის დროს სისხლის შემოდინება ხდება მცირე მენჯის ღრუში, ამის უკუგამშვები მექანიზმი არის ორგაზმი. თუ ორგაზმი არ ხდება, ეს სისხლი რჩება შეგუბებული. არ შეიძლება, რომ ეს პათოლოგიას არ იწვევდეს. ჩვენ 600-ზე მეტ ქალზე გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ 70%-ში აღმოჩნდა საკვერცხის ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ეს უკვე გინეკოლოგიური პათოლოგიებია, რომელიც, შეიძლება, სხვა პათოლოგიებსაც იწვევდეს. ქალბატონებო, ნუ შეხედავთ ზერელედ ანორგაზმიას. ეს არის პრობლემა, რომელიც მერე ხდება როგორც გინეკოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური. დროულად მიმართეთ ექიმ სპეციალისტს.“

„სექსუალობა არის მთლიანად ტვინის ფუნქცია, თავიდან ბოლომდე. სურვილი, აღგზნება, ერექცია, ორგაზმი ყველაფერი მოდის ტვინიდან. ნებისმიერმა დეტალმა შეიძლება ხელი შეუშალოს პროცესს, რამემ გაიხმაუროს და დამთავრდა. ზოგჯერ მოდის წყვილი, თავისი ოთახი აქვთ, მაგრამ დიდ ოჯახში ცხოვრობენ, გვერდით დედ-მამა წვანან. იქ რა სექსუალურ სიამოვნებაზეა საუბარი, როდესაც ფიქრობ, რომ ამან არ გაიღვიძოს, იმან არ გაიღვიძოს,- აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად