Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

დასაშვებია თუ არა კვების დროს წყლის დალევა და რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ ნორმის ფარგლებში?

დასაშვებია თუ არა კვების დროს წყლის დალევა და რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ ნორმის ფარგლებში?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა წყლის შესახებ მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში, დასაშვებია თუ არა კვების დროს წყლის დალევა და  რა გავლენას ახდენს წყლის დეფიციტი ჩვენს ორგანიზმზე? - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე მიიღებთ პასუხებს დღევანდელი სტატიიდან.

წყალი არის სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსი. წყლის საკმარისი მიღება და ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის უპირველი წესია. ჩვენს ორგანიზმს შეუძლია გაძლოს კვირების განმავლობაში საკვების გარეშე და მხოლოდ რამდენიმე დღე წყლის გარეშე, რადგან სხეულის დაახლოებით 60-70% წყლისგან შედგება, ხოლო დეჰიდრატაციამ (გაუწყლოვანება) შეიძლება გავლენა იქონიოს ორგანიზმის როგორც ფიზიკურ ასევე მენტალურ ფუნქციებზე.

ორგანიზმში წყლის დეფიციტი გავლენას ახდენს ყველა ორგანოთა სისტემაზე. გაუწყლოვნების დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, თავის ტკივილი, გულის წუთმოცულობის აჩქარება, ძლიერი საერთო სისუსტე, შეკრულობა, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება, კანის ელასტიურობის დაქვეითება, თმის ხარისხის გაფუჭება. ორგანიზმში წყლის დეფიციტი დროს ქვეითდება იმუნური სისტემის მუშაობა, მწვავდება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, იმატებს თირკმელკენჭოვანი დაავადების გაჩენის რისკი.
ყველას აინტერესებს, რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ ნორმის ფარგლებში? პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პრაქტიკულად ჯანმრთელ მასაზე, ვისაც არ აქვთ რაიმე კონკრეტული თანმხლები დაავადება. ასეთ შემთხვევაში დღიურად 1.5-2 ლიტრი წყალი აბსოლუტურად საკმარისია (გასათვალისწინებელია ორგანიზმის ფიზიკური აქტივობა და ასევე წელიწადის დრო, რადგან დატვირთული ფიზიკური აქტივობის დროს და ცხელ პერიოდში რეკომენდებულია უფრო მეტი წყლის მიღება). 

ასევე აქტუალური კითხვაა, როდის უნდა მივიღოთ წყალი? წყლის მიღება უნდა დავიწყოთ დილიდან, უზმოზე 1 ჭიქა წყალი ააქტიურებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, ამზადებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს საჭმლის მონელებისთვის. შემდეგ დღის მანძილზე წყალი უნდა მივიღოთ ყლუპ-ყლუპად, კვებებს შორის. თუ კვების დროს მოგვწყურდა, დასაშვებია მივიღოთ მცირე ოდენობით წყალი, მაგრამ ასეთ დროს გასათვალისწინებელია, რომ წყლის და საკვების ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდეს, რადგან შესაძლებელია მოხდეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანის გაღიზიანება.
ყველასთვის საინტერესოა მითია თუ რეალობა, რომ კვებებს შორის მიღებულ წყალს დადებითი გავლენა აქვს ორგანიზმზე წონის კონტროლის თვალსაზრისით? ეს არის რეალობა, რადგან წყალი ანეიტრალებს კუჭის მიერ გამოყოფილ მარილმჟავას, ქვეითდება მადა და ხდება საკვების უფრო მცირე ოდენობით მირთმევა. აქვე აღვნიშნავ, რომ თუ წყალს ვიღებთ საკმარისი ოდენობით, მაგრამ ვიკვებებით მარიალიანი საკვებით, ასეთ დროს წყალი შეკავდება უჯრედშორის სითხეში, რაც გამოიწვევს შეშუპებას და შესაბამისად, შეშუპების ხარჯზე წონის მატებას.
რეკომენდებულია წყლის მიღება დავასრულოთ საღამომდე, რადგან ღამით არ დავტვირთოთ თირკმლები და ამით დისკომფორტი არ შევუქმნათ ორგანიზმს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!


​ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა

წაიკითხეთ სრულად