Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვზე, როდესაც მშობელს მის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა უწევს და ამას შვილთან ხშირად აჟღერებს?

რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვზე, როდესაც მშობელს მის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა უწევს და ამას შვილთან ხშირად აჟღერებს?

ხშირად მშობლებს მას შემდეგ, რაც შვილი ეყოლებათ, ბევრ რამეზე უარის თქმა უწევთ. მაგალითად, სამსახურზე, მეგობრებთან ერთად გართობასა და ა.შ. ამასთანავე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ ყველაფერზე უარის თქმის შემდეგ მშობლები ბავშვს საყვედურობენ, რომ ეს მის გამო გააკეთეს და მსგავსი შინაარსის ფრაზებს შვილთან ხშირად აჟღერებენ. ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი ესაუბრა.

- რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვზე, როდესაც მშობელს მის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა უწევს და ამას შვილთან ხშირად აჟღერებს? 

- თითქმის ყველა ვთანხმდებით, რომ მშობლის სიყვარული შვილის მიმართ უპირობოა და ბუნებრივია, ბავშვის მისამართით მსგავსი ტიპის საყვედურები, არ არის მართებული.

ადამიანის ცხოვრებაში შვილის დაბადება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც რადიკალურად ცვლის ოჯახის დინამიკას. შესაძლოა, ბავშვის დაბადება ოჯახურში გარკვეული სტრესის გამომწვევი იყოს. ცხადია, ბავშვის დაბადებასთან ერთად იცვლება ოჯახის წევრების სოციალური როლები. მშობლებს თუ აქამდე უწევდათ სხვადასხვა სოციალური როლის შესრულება, მაგალითად, მეუღლის, დის, შვილის, შვილიშვილის, ძმის, ბუნებრივია, ბავშვის დაბადებისას უწევთ ახალი როლის მორგება, რომელსაც „მშობლობას“ ვუწოდებთ. დროთა განმავლობაში ისინი რადიკალურად შეცვლილი ცხოვრების რეჟიმთან მორგებას ცდილობენ, თავს იჩენს ახალი გამოწვევები და პასუხისმგებლობები. სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ მშობლები ვერ ახერხებენ საკუთარი რესურსების აღდგენას ჩვეული ხერხებით, მეგობრებთან ურთიერთობა, გართობა, ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება. შესაძლოა, მშობლების მიერ მორგებული ახალი როლი, შინაარსით და ფორმით, მაგალითად, ბავშვის მიმართ გამოხატული საყვედური, ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ბავშვზე.

- შესაძლებელია თუ არა მსგავსმა საყვედურებმა, სამომავლოდ, ბავშვის ცხოვრებაზე იქონიოს ზეგავლენა?

- ცხადია, მშობლებისა და შვილის ურთიერთდამოკიდებულება მომავალში აისახება ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე: ბავშვი სწავლობს გარემოს მიმართ ნდობას ან უნდობლობას, აღიქვამს საკუთარ „მე“-ს, უჩნდება დანაშაულის გრძნობა ან ავლენს ინიციატივას, ხვდება რა ტიპის ქცევაა წახალისებული ან დასჯადი, ეუფლება საკუთარი სურვილების ეფექტურად გამოხატვის საშუალებებს, კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიებს.

მშობლების მხრიდან ბავშვის მისამართით უსიამოვნო ფრაზების გაჟღერებამ მომავალში, შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის თვითშეფასების დონის დაქვეითება, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, დანაშაულის განცდა, არასრულფასოვნების განცდა, სამყაროს მიმართ უნდობლობა და ა.შ.

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ოჯახში ემოციური ურთიერთობის სტილი, რომელშიც დომინირებს ნეგატიური ემოციები, მუდმივი კრიტიკა, დამცირება, დაშინება, უნდობლობა იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას, ზრდის შინაგან დაძაბულობას, შფოთვას, აგრესიას და ფსიქოსომატური აშლილობების რისკს.

- ზოგჯერ, თავისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მშობელი თავს ვერ აკონტროლებს და ამის გამო აჟღერებს არასასურველ ფრაზებს შვილის მიმართულებით. რას ურჩევდით მათ?

- მნიშვნელოვანია, მშობლები აცნობიერებდნენ, რომ ბავშვის დაბადების პერიოდში ოჯახი გადის ერთ-ერთ რთულ, კრიზისულ პერიოდს, რაც ბუნებრივია, დროებითია.

ოჯახურ სისტემაში მეუღლეთა ქვეტიპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა - საზღვრების განსაზღვრა, რაც წყვილს უტოვებს საკუთარ ტერიტორიას, ბავშვის ან ოჯახის სხვა წევრების გარეშე, რომელიც აუცილებელია მისი ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის. ასეთი საზღვრების არსებობა მნიშვნელოვანი ასპექტია ოჯახური სტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობისთვის.

სასურველია, მშობლებმა გაიაზრონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა, შეძლონ ემოციების მართვის სტრატეგიების დაუფლება, გააცნობიერონ საკუთარი მოთხოვნილებები და შეძლონ მათი დაკმაყოფილების ალტერნატიული გზების მოძიება, რაც უზრუნველყოფს, როგორც მეუღლეებს შორის, ასევე მშობლებსა და შვილებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობას.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად