Baby Bag

რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ლიმონიანი წყლის მიღების დადებით შედეგებზე ისაუბრა:

„რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მე შევეცდები, რომ 5 ძალიან საკვანძო მიზეზი გითხრათ საამისოდ.

ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევა თქვენს ორგანიზმს C ვიტამინზე მოთხოვნის 70%-ს შეუვსებს. C ვიტამინი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის სინთეზში. თუ კოლაგენი არ წარმოიქმნება, ეს გამოვლინდება ძალიან ბევრი დარღვევით, მათ შორის, ღრძილებიდან სისხლდენით, კანის ნაადრევი დაბერებით.

ასაკოვან ადამიანებს კუჭში უქვეითდებათ მარილმჟავას რაოდენობა, მათ უგროვდებათ აირები და აწუხებთ შებერილობა. ლიმონიან წყალში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა ჩვენ გვეხმარება საკვების უკეთ მონელებაში.

ზაფხულში ჩვენი სხეული ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 2-3 ლიტრ წყალს. თუ გამოშრებით, ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება თქვენს თირკმლებზე. თუ ჩვენს თირკმლებში წყალი საკმარისი რაოდენობით ვერ იქნება და თირკმლებში ლიმონმჟავის რაოდენობა არ იქნება 320 მილიგრამის ტოლი დღე-ღამეში, ეს გამოიწვევს კენჭების ფორმირებას. კენჭების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ პრობლემით არის გამოწვეული.

ლიმონიან წყალში ძალიან ბევრი კალიუმიც არის. კალიუმი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ნერვული ქსოვილისა და კუნთოვანი ქსოვილის აქტიურობისთვის.

ლიმონიან წყალში არის ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა. ეს ჩვენს ორგანიზმს იცავს დაბერებისგან.

ლიმონიანი წყლის მიღებას ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ამით შეკრულობის პრევენციაც შეიძლება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ხდება სტრესის დროს ადამიანში? - ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

რა ხდება სტრესის დროს ადამიანში? - ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ სტრესის დროს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა:

„რა ხდება სტრესის დროს ადამიანში? სტრესს ჩვენ ვპასუხობთ მთლიანად. ადამიანი ჯანმრთელი არის მაშინ, როდესაც მას აქვს სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. რამდენიმე უბანს აღვწერ, რომელიც შეიძლება სტრესის დროს დაზარალდეს. სტრესის დროს ძალიან ზარალდება ადამიანის თავის ტვინი, ნერვული სისტემა, ყველა ის ნერვი, რომელიც ჯამში ქმნის ნერვულ სისტემას, ყველა უბნით რეაგირებს სტრესზე.“

„თავის ტკივილი შეიძლება იყოს დაკავშირებული სტრესთან, ასევე კისრის, მხრების, ბეჭების, ზურგის ტკივილი. ეს ხშირად არის სტრესის მიერ პროვოცირებული კუნთების ტკივილი. გულს თვითონ კუნთს არაფერი სჭირს, მაგრამ გულიც აჩქარდა, წნევაც მერყეობს, ეს არის ორგანიზმის პასუხი სტრესზე. თითქოს ვეღარ ვსუნთქავთ, ვიხრჩობით. ეს შეიძლება პასუხი იყოს მხოლოდ სტრესზე. როდესაც პრობლემა გვაქვს და გვაქვს გულძმარვა, შეიძლება ეს იყოს პასუხი სტრესზე, ისევე როგორც ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკა. შეიძლება იყოს პირიქით ყაბზობა. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვა არაფერი, თუ არა სტრესი,“- აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად