Baby Bag

რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ლიმონიანი წყლის მიღების დადებით შედეგებზე ისაუბრა:

„რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მე შევეცდები, რომ 5 ძალიან საკვანძო მიზეზი გითხრათ საამისოდ.

ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევა თქვენს ორგანიზმს C ვიტამინზე მოთხოვნის 70%-ს შეუვსებს. C ვიტამინი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის სინთეზში. თუ კოლაგენი არ წარმოიქმნება, ეს გამოვლინდება ძალიან ბევრი დარღვევით, მათ შორის, ღრძილებიდან სისხლდენით, კანის ნაადრევი დაბერებით.

ასაკოვან ადამიანებს კუჭში უქვეითდებათ მარილმჟავას რაოდენობა, მათ უგროვდებათ აირები და აწუხებთ შებერილობა. ლიმონიან წყალში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა ჩვენ გვეხმარება საკვების უკეთ მონელებაში.

ზაფხულში ჩვენი სხეული ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 2-3 ლიტრ წყალს. თუ გამოშრებით, ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება თქვენს თირკმლებზე. თუ ჩვენს თირკმლებში წყალი საკმარისი რაოდენობით ვერ იქნება და თირკმლებში ლიმონმჟავის რაოდენობა არ იქნება 320 მილიგრამის ტოლი დღე-ღამეში, ეს გამოიწვევს კენჭების ფორმირებას. კენჭების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ პრობლემით არის გამოწვეული.

ლიმონიან წყალში ძალიან ბევრი კალიუმიც არის. კალიუმი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ნერვული ქსოვილისა და კუნთოვანი ქსოვილის აქტიურობისთვის.

ლიმონიან წყალში არის ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა. ეს ჩვენს ორგანიზმს იცავს დაბერებისგან.

ლიმონიანი წყლის მიღებას ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ამით შეკრულობის პრევენციაც შეიძლება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ თქვათ, ბავშვი ზარმაციაო... მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის,“ - შალვა ამონაშვილი

„არ თქვათ, ბავშვი ზარმაციაო... მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის,“ -  შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვების სიზარმაცის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს ზარმაცი ბავშვი:

„როგორც წყალი გინდა რომ დალიო და ეძებ, სად დავლიოო, ასე სწავლა ყველას უნდა. არ არის ბავშვი, რომელსაც სწავლა არ უნდოდეს. არ თქვათ ბავშვი ზარმაციაო, მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის. არ არსებობს ზარმაცი ბავშვი. ბავშვი არის ბუნება და ბუნება არასდროს არ დგას ერთ ადგილზე, ყოველთვის რაღაცას ანგრევს, ყოველთვის რაღაცას აშენებს, მიდის და მიდის წინ.“

„ეს არის ბავშვი! ამ დროს ბავშვს მიაწებო იარლიყო, რომ ზარმაცია, ზანტია, არ უნდა, არასწორია. დედები ხშირად დასმენებით მოდიან: „ჩემი შვილი წიგნს არ იღებს ხელში, საშინაო დავალებას არ ასრულებს.“ სულ დასმენებია. თითქოს რა ცუდები არიან შვილები და თვითონ კარგები არიან. დედით უნდა დაიწყო და მამით!“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად