Baby Bag

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზაფხულის პერიოდით უნდა ვისარგებლოთ: ეს არის ჩვენი ორგანიზმის ბანკის შევსება საუკეთესო საკვებით,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

„ზაფხულის პერიოდით უნდა ვისარგებლოთ: ეს არის ჩვენი ორგანიზმის ბანკის შევსება საუკეთესო საკვებით,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვი სამყაროს ეცნობა და სავსებით ნორმალურია, თუ ის რომელიმე ნივთს ან ხელს პირში ჩაიდებს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია გარემოს სტერილურობა:

„ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ადამიანი ეცნობა გარემოს. თავის სხეულსაც ეხება, სხვა ნივთებსაც. პირშიც მიაქვს ხელი, რომ გემო გაიგოს. ამას ვერ გავექცევით, უნდა ვიყოთ მზად, რომ ასე იქნება. გარემო უნდა შევქმნათ მაქსიმალურად სუფთა. იმასაც არ ვამბობ, რომ ზედმეტად სუფთა იყოს. თუ ზედმეტად სუფთა იქნება გარემო, ინფექციების მიმართ გამძელობა უფრო დაბალი იქნება. ჰიგიენური თეორია არსებობს, რომელიც ძალიან საინტერესოა. იქ, ​სადაც ზედმეტი სისუფთავეა, მეტი ბრონქული ასთმაა. ცოტ-ცოტა ინფექციები საჭიროა ორგანიზმისთვის, რომ მისი თავდაცვითი სისტემა უფრო გაძლიერებული იყოს.”

ყარამან ფაღავამ მშობლებს ურჩია, რომ ზაფხულში ბავშვებს წვნიანი დილის ან საღამოს საათებში მიართვან:

„შესაძლებელია ბავშვს მივცეთ ცივი წვნიანიც, მაგრამ ნამდვილი წვნიანი თბილია. როდესაც სიცხეა, დღისით რომ არ შეჭამს ბავშვი, სჯობს ცხელი საკვები ბავშვს მივცეთ დილით და საღამოთი, შუადღე იყოს უფრო თავისუფალი: ხილი, რძის ნაწარმი. ​ზაფხულის პერიოდით უნდა ვისარგებლოთ: ეს არის ჩვენი ორგანიზმის ბანკის შევსება საუკეთესო საკვებით. ეს არის: ხილი, ბოსტნეული, მდიდარი ვიტამინებით, ელექტროლიტებით, ბოჭკოებით. ეს განწმენდის პერიოდია.ზამთარშიც შეიძლება, მაგრამ ყველაფერი თავისი სეზონის დროს უნდა მივირთვათ. არ შეიძლება სულ პესტიციდებით გაჯერებული საკვების მიღება. ქართულ ნიორს არცერთი ნიორი არ სჯობს, ქართულ პომიდორს არცერთი პომიდორი არ სჯობს. ბუნებრივია, კარგია და პატრიოტულიც არის.“

​ყარამან ფაღავას თქმით, საუკეთესო სითხე, რომელიც ბავშვს შეიძლება შევთავაზოთ, წყალია:

„მე უპირატესობას წყალს ვაძლევ. მაპატიონ კომერციული ინტერესის მქონე კომპანიებმა, რომლებსაც შემოაქვთ სხვადასხვა სითხე. წყალზე უკეთესი სითხე არ არსებობს. ამაზე უკეთესი ჯანმრთელობისთვის არაფერია. ზოგიერთი დღეში სამ ლიტრას სვამს. ეს შეიძლება ზედმეტიც იყოს. მოზრდილმა ადამიანმა ლიტრ-ნახევარი კი უნდა დალიოს მთელი დღის განმავლობაში.“

„შესაძლებელია, რომ ბავშვი ბოსტნეულს ანიჭებდეს უპირატესობას.​ ხილს თუ არ ჭამს ბავშვი, უნდა დავუფიქრდეთ. შეიძლება ხილს ჩვევის გამო არ მიირთმევს. არაა შეჩვეული. მეორე ამბავიც არის. ხომ არ აქვს ბავშვს ფრუქტოზის აუტანლობა?ასეთ შემთხვევაში გამოკვლევაა სასურველი. ერთბაშად დაძალება არ გვინდა. შესაძლებელია, რომ ამ ქცევის მიღმა რაღაც ბიოლოგიური მექანიზმიც იყოს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად