Baby Bag

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაკაჟებისთვის უნდა გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი, ჰაერის, მზის და წყლის აბაზანები,“ - თემურ მიქელაძე

„გაკაჟებისთვის უნდა გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი, ჰაერის, მზის და წყლის აბაზანები,“ - თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში პასიური კურორტული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კურორტზე ჰაერის, მზის და წყლის აბაზანების მიღება ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა:

„ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ თუ არის შესაძლებლობა, ​ექვს თვეზე ზემოთ ბავშვმა გამოიცვალოს რამდენიმე კურორტი. ბავშვებში არის მხოლოდ პასიური კურორტული მკურნალობა ჰაერითა და მზის აბაზანებით. ბავშვებს ძირითადად ქრონიკული პათოლოგია არ ახასიათებთ. მათ აქვთ მწვავე დაავადებები. ჩვენი სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე მშობლებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ერთ კვირაში ერთ კურორტზე წაიყვანონ, მეორე კვირაში მეორე კურორტზე. მშობლები მუშაობენ, სამსახურს ვერ ტოვებენ. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ კურორტის გამოცვლა აუცილებელი რეკომენდაციაა. ყველას მეტ-ნაკლებად აქვს სოფელი ან აგარაკი. მშობელს შეუძლია ბავშვი წაიყვანოს თავის სოფელში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში 100-ზე მეტი კურორტია. ნებისმიერი რაიონული ცენტრი ახლოს არის კურორტთან.“

თემურ მიქელაძემ აღნიშნა, რომ ზაფხული მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ბავშვის გაკაჟებისთვის:

„საბჭოთა მარკეტინგი იყო ის, რომ ძვლები მაგრდება ურეკში, ფილტვები ბორჯომში და ა.შ. რა თქმა უნდა, ფანტასტიკური კურორტები გვაქვს და ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ დროულად. თუ ბავშვს აქვს კონკრეტული ალერგია რაიმე მცენარეზე, რა თქმა უნდა, მას სჭირდება კურორტის შერჩევა. ყვავილობის, დამტვერვის სეზონზე ასეთი ალერგიის მქონე ბავშვები არ უნდა გავიყვანოთ. ზაფხული თბილი სეზონია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ გაკაჟებისთვის. მე წინააღმდეგი ვარ კუსტარული აუზების. გინახავთ, ბავშვებს აქვთ გასაბერი აუზები. მტკნარი წყალი დაახლოებით 2-3 საათში შეიძლება დაინფიცირდეს. ეს არის სწორედ გამომწვევი ყურის ხშირი ანთებისა. ხშირია მიმართვიანობა კანის ჩირქოვანი ინფექციების გამო. მიზეზია დაბინძურებული სანაპირო და მტკნარი წყალი, რომელიც თუ არ იქლორება, ​გაკაჟების ნაცვლად, პირიქით, შეიძლება ინფექციის წყარო გახდეს.“

„გაკაჟებისთვის უნდა გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი, ჰაერის აბაზანა, მზის და წყლის აბაზანა. სახლის პირობებს რაც შეეხება, ასე ვერანაირად ვერ გავაკაჟებთ ბავშვს. ადრეული ასაკის ბავშვს მდინარის ცივ წყალში ვერ ჩავსვამთ.​ ყველა სოფელთან მეტ-ნაკლებად ჩვენ გვაქვს მდინარე. ბავშვები არ უნდა ჩავიყვანოთ მტკნარ, გუბურა წყლებში. ეს არის ინფექციის მაღალი რისკი. როდესაც ვიყენებთ მზის აბაზანებს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვმა არ მიიღოს მზით დამწვრობა. 6 თვემდე ასაკის ბავშვი მზის გულზე არ უნდა გავიყვანოთ. არაპირდაპირი მზის სხივი აუცილებელია მისთვის, იმიტომ, რომ კანმა უნდა გამოიმუშაოს D ვიტამინი,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად