Baby Bag

„ზოგჯერ დაბანისგან თავს იკავებენ, რომ „კიდევ უფრო მეტად არ გაცივდეს“. თუ ადამიანს სიცხე აქვს, დაბანით როგორ უნდა გაცივდეს?“ - მაია ბუწაშვილი

„ზოგჯერ დაბანისგან თავს იკავებენ, რომ „კიდევ უფრო მეტად არ გაცივდეს“. თუ ადამიანს სიცხე აქვს, დაბანით როგორ უნდა გაცივდეს?“ - მაია ბუწაშვილი
„ჩვენთან ინფექციური დაავადებების დროს ზოგჯერ არასწორად მიიჩნევენ, რომ დაბანა არ შეიძლება. ეს კი, პირიქით, ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება იყოს და სერიოზულ დისკომფორტს უქმნის როგორც თვითონ პაციენტს, ასევე მის გარშემომყოფებს“, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ​MomsEdu.ge. გთავაზობთ მის პოსტს: 

„არაერთ პაციენტს უხერხულად მოუბოდიშებია, რომ რადგან ავად არის, შხაპი ვერ მიიღო ვიზიტზე მოსვლამდე. მე, რა თქმა უნდა, ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. ექიმი ვარ და ჩემი მოვალეობაა ყველანაირი პაციენტი გულისხმიერად მივიღო, ჰიგიენური მდგომარეობის მიუხეადავად, და ეს პოსტიც სულაც არ არის ამის შესახებ.

მთავარი ისაა, რომ შხაპის მიღება ავადმყოფობის დროს სულაც არ იკრძალება, მათ შორის, არც გამონაყრით მიმდინარე დაავადებების დროს. ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ, ჯობია ძალიან ცხელ წყალს მოვერიდოთ, რომ კანის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება ავიცილოთ თავიდან, თუმცა ზომიერად თბილი წყლით შხაპის მიღება და კანის სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელია ინფექციური თუ არაინფექციური გამონაყრის შემთხვევაში.

ასევე, თუ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების ინფექცია (გრიპი, კოვიდი და სხვ.) და ტემპერატურის მომატება, ზოგჯერ დაბანისგან თავს იკავებენ, რომ „კიდევ უფრო მეტად არ გაცივდეს“. თუ ადამიანს სიცხე აქვს, დაბანით როგორ უნდა გაცივდეს?

თუ ახველებს, ასეთ დროსაც ზოგჯერ თავს იკავებენ დაბანისგან, არადა, ხველის დროს ორთქლი აშკარად ამსუბუქებს შემაწუხებელ სიმპტომებს.

თუმცა, ამ მხრივ პროგრესი აშკარად შეინიშნება. მე ის დროც მახსოვს, მენსტრუაციის დროს რომ ეგონათ, დაბანა არ შეიძლებოდა, ან ახლად ნამშობიარევი ქალი კარგა ხანს რომ არ იღებდა შხაპს. საბედნიეროდ, მგონი, ამ სისულელეების დრო დასრულდა, მაგრამ ბევრი დაავადების დროს ჯერ კიდევ იკავებენ ადამიანები თავს დაბანისგან, რაც სრულიად გაუმართლებელია, - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს

ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს

პედიატრი, ყარამან ფაღავა საუბრობს, თუ რა უწყობს ხელს ბავშვის გაკაჟებას და რა დროს უშვებს მშობელი შეცდომას, როდესაც საქმე ბავშვის ავადობას ეხება.

​,,სველი ტილოთი ტანის დაზელვა, ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ... მე 75 წლის გახლავართ. დაახლოებით, 40-50 წელია, სიცხე არ მქონია. რატომ? ყოველდღე ცივ წყალს ვიღებ, განა არ მეზარება - მეზარება, მაგრამ ამის შემდგომ თავს ისე კარგად ვგრძნობ. ჩვევაშიც მაქვს გადასული.

რასაკვირველია, არცერთ მშობელს აქვს სურვილი, რომ მისი შვილი ავად იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. ძირითადად, რასაკვირველია, უცოდინრობის გამო - საკუთარი ქცევით ხელს უწყობენ იმას, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თავიდან დავიწყოთ - ჩასახვის პერიოდში დედ-მამა რომ ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იქნებიან, რა გასაკვირია, რომ ბავშვი ავად იქნება. იგივეა, როცა ორსულობის დროს ქალი სიგარეტს ეწევა", - აღნიშნავს ყარამან ფაღავა. 

წაიკითხეთ სრულად