მთავარი ისაა, რომ შხაპის მიღება ავადმყოფობის დროს სულაც არ იკრძალება, მათ შორის, არც გამონაყრით მიმდინარე დაავადებების დროს. ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ, ჯობია ძალიან ცხელ წყალს მოვერიდოთ, რომ კანის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება ავიცილოთ თავიდან, თუმცა ზომიერად თბილი წყლით შხაპის მიღება და კანის სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელია ინფექციური თუ არაინფექციური გამონაყრის შემთხვევაში.
ასევე, თუ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების ინფექცია (გრიპი, კოვიდი და სხვ.) და ტემპერატურის მომატება, ზოგჯერ დაბანისგან თავს იკავებენ, რომ „კიდევ უფრო მეტად არ გაცივდეს“. თუ ადამიანს სიცხე აქვს, დაბანით როგორ უნდა გაცივდეს?
თუ ახველებს, ასეთ დროსაც ზოგჯერ თავს იკავებენ დაბანისგან, არადა, ხველის დროს ორთქლი აშკარად ამსუბუქებს შემაწუხებელ სიმპტომებს.
თუმცა, ამ მხრივ პროგრესი აშკარად შეინიშნება. მე ის დროც მახსოვს, მენსტრუაციის დროს რომ ეგონათ, დაბანა არ შეიძლებოდა, ან ახლად ნამშობიარევი ქალი კარგა ხანს რომ არ იღებდა შხაპს. საბედნიეროდ, მგონი, ამ სისულელეების დრო დასრულდა, მაგრამ ბევრი დაავადების დროს ჯერ კიდევ იკავებენ ადამიანები თავს დაბანისგან, რაც სრულიად გაუმართლებელია, - წერს მაია ბუწაშვილი.