როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„რატომ ვაძლევთ ჯანმრთელ, ფიზიკურად აქტიურ ბავშვებს მობილურებს და პლანშეტებს? კატასტროფაა, უმოძრაობაა ბავშვებში,“ - ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა
ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვებში წონის პრობლემის საკითხზე საუბრისას ხაზი გაუსვა გაჯეტების მოხმარების ზრდის პრობლემას. მისი თქმით, მშობლები შვილებს ადრეული ასაკიდანვე აჯილდოვებენ პლანშეტებითა და მობილურებით, რის გამოც პატარებში უმოძრაობის პრობლემა დგას. ეს ყოველივე კი ბავშვების ჯანმრთელობასა და წონაზე ნეგატიურად აისახება:
„წონაზე რაკი ვსაუბრობთ, ასეთ პატარა ამბავს მოვყვები. ჩემი ქალიშვილი ახლა მესამე კლასშია. ერთხელ მოვიდა შარშან, როდესაც მეორე კლასში იყო. ისიც მედიკოსების ოჯახში იზრდება და ასეთ საკითხებს ყურადღებას აქცევს. მითხრა: მამა, რა ხდება? ძალიან ვწუხვარ. კლასელი ბიჭები ადრე სულ ეზოში თამაშობდნენ დიდ შესვენებაზე ფეხბურთს. მე ვკითხე, ახლა რას აკეთებენ-მეთქი. ახლა კლასში სხედან და მობილურებში თამაშობენო. მთელი კლასი ასე იქცევა.
ბავშვებმა გარკვეულ ასაკს რომ მიაღწიეს, მშობლებმა მობილური ტელეფონებით დაასაჩუქრეს. გოგონებმა ახლა მიიღეს საჩუქრად მობილურები მესამე კლასში. იცით რა არის? ეს კატასტროფაა, უმოძრაობაა. კი ბატონო, მესმის, როდესაც სხვა საშუალება არ აქვს ადამიანს, როდესაც ფიზიკურად შეზღუდულია, მაგრამ პატარა, ჯანმრთელი, ფიზიკურად აქტიური ბავშვები არიან. რატომ ვაძლევთ ამ მობილურებს, პლანშეტებს, ამ სათამაშოებს?! არ სჯობს, ბავშვებმა ერთმანეთთან იურთიერთონ,ითამაშონ, გარეთ გავიდნენ, მზის სხივებს მიუშვირონ კანი?! ზედმეტი წონის პრობლემაც ნაკლებად აქტუალური გახდება ამ შემთხვევაში. ამას ვუსურვებდი უბრალოდ მშობლებს,“- მოცემულ საკითხზე ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.