როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„დედამ ხშირად ჩაიწვინოს ბავშვი... საჭიროა მაქსიმალურად ხშირი შეხება ბავშვთან,“- პედიატრ ყარამან ფაღავას რეკომენდაციები
პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მარტივი წესების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:
„განვითარების ხელშეწყობა საჭიროა ახალშობილობის პირველივე დღიდანვე. რაღაც დიდი საგანი ვაჩვენოთ, დავუდოთ ბავშვს. ბავშვი უყურებს, უყურებს. შემდეგ თუ დავატრიალებთ ამ საგანს, ის აკვირდება. საჭიროა მაქსიმალურად ხშირი შეხება ბავშვთან. დედამ ხშირად ჩაიწვინოს ბავშვი, ეს კონტაქტი განსაკუთრებულია. მით უმეტეს, თუ ბუნებრივი კვება აქვს ბავშვს, ეს სტიმულაციასაც ახდენს.
დედა ბავშვს უნდა ელაპარაკოს. სულ უნდა ელაპარაკოს: „აი, ახლა ჩვენს ვაჟკაცს მივცემთ საჭმელს.“ ლაპარაკის გარდა საჭიროა მუსიკაც. მე ხშირად ვამბობ, რომ „ლილეო,“ „მრავალჟამიერი“ და „კრიმანჭული“ ქართული გენიის გამოხატულებაა, მაგრამ პატარა ბავშვს სჯობს უფრო მეგრულ-იმერული ნანა მოვასმენინოთ. ყველაფერი საჭიროა. იგივე მელოდიებშიც ყველაფერს თავისი დრო უნდა. ყველა გრძნობათა ორგანო ასეა.
მინდა, მშობლებმა იცოდნენ, რომ აუცილებლად, როდესაც ბავშვს ვახვევთ, ფეხები მაქსიმალურად დაშორებული იყოს. ხელში როდესაც ვიკავებთ ბავშვს, გვეკავოს თეძოზე და ფეხები გაშლილად ჰქონდეს. რომ იყოს პატარა დისპლაზია, საუკეთესო მკურნალობა ეს არის,“- მოცემულ საკითხზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS”ისაუბრა.