როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ქართველი ბავშვები ინტელექტუალურად ყოველთვის მაღლა იდგნენ სხვა ბავშვებზე,“- შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა თანამედროვე ბავშვების განსაკუთრებული ნიჭიერებისა და გამორჩეული თვისებების შესახებ ისაუბრა. მან მშობლებს ურჩია, რომ შვილებთან იმეგობრონ:
„ამ ბავშვებს პირდაპირი კავშირი აქვთ ცოდნებთან, ჩვენ შეგვიძლია გადავუკეტოთ. ხანდახან ეტყვი: „სისულელეს ნუ ლაპარაკობ.“ თუ ერთხელ და მეორედ ვეტყვი, მესამედ აღარ მეტყვის ამას. მეხუთედ უკვე ჩაიკეტება. დააკვირდით ბავშვებს რეებს ლაპარაკობენ, განსაკუთრებით 6 წლამდე. მერე არ ილაპარაკებენ ამას. კარგი დედა, კარგი მამა უთუოდ ჩაწერს ბავშვის ამ ლაპარაკებს. თოჯინას ეთამაშება და რას ეუბნება? მამას ელაპარაკება და რეებს ელაპარაკება? უნდა მოუსმინო, თავი უქიცინო, გაიკვირვო, დაინტერესდე, კიდევ მიამბეო სთხოვო. თუ ეტყვი: გეყოფა მეზღაპრეობა, მეორე-მესამე გამეორების შემდეგ შეწყვეტს ამას შენთან. ეს ბავშვები რაღაცებს ხედავენ. მას ჰგონია,რომ შენც ხედავ. ეს თვისებები აქვს ბევრ ბავშვს.“
„ეს ბავშვები ძალიან თავმოყვარენი არიან. საკმარისია არ დაუჯერო, რომ ეწყინება მაშინვე. ჩემს თაობას არ ეწყინებოდა, ბევრს გვლანძღავდნენ, გვეჩხუბებოდნენ, შეჩეულები ვიყავით ამას. ეს ბავშვები უხეშობას, აკრძალვებს ვერ იტანენ. სხვა ბავშვია, გეუბნებით. მათ ასეთი დედა, მამა, ბებია-პაპა უნდათ, რომელიც მეგობრად გაუხდება. ამას არ უნდა მტკიცება, რომ ქართველი ბავშვები ინტელექტუალურად ყოველთვის მაღლა იდგნენ სხვა ბავშვებზე. ისეთ რამეს ლაპარაკობენ ან იტყვიან, რომ თითქოს სიბრძნე იმის მერე იკეტება. ამ ბავშვებთან ურთიერთობა ცოტა სხვანაირი უნდა იყოს,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.