როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ძალიან ხშირად მშობელიც არის დამნაშავე იმაში, რომ ის არასრულფასოვნად კვებავს ბავშვს,“ - პედიატრი მარინა კვეზერელი
პედიატრმა მარინა კვეზერელმა ბავშვებში რკინის დეფიციტის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, მოწინავე ადგილს იკავებს არაბალანსირებული კვება:
„როდესაც რკინის დეფიციტი მიზეზების მიხედვით დავალაგეთ, აღმოჩნდა, რომ მიზეზთა პირველ სამეულში შედიოდა არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება. ზოგჯერ ეს არის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული, ზოგჯერ კი გავლენას ახდენს დედის განათლების დონე. გასაგებია, ჩვენ რაღაც განსაკუთრებულ ცოდნას არ მოვითხოვთ დედისგან. ძალიან ხშირად მშობელიც არის დამნაშავე იმაში, რომ ის არასრულფასოვნად კვებავს ბავშვს.“
მარინა კვეზერელმა ერთ-ერთი პაციენტის მაგალითი მოიყვანა, რომელიც არაბალანსირებული კვების გამო რკინადეფიციტური ანემიის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა:
„ჩემთან მოვიდა პაციენტი. ბავშვი იყო წლის და ოთხი თვის. ის შემოვიდა და ხელში ეჭირა ბოთლი მაწვნით. დედა მეუბნება, რომ ბავშვი ჯერ იყო ბუნებრივ კვებაზე, შემდეგ დაანებებინეს თავი. როგორც დედამ მითხრა, ამის შემდეგ ბავშვი გადაიყვანეს მაწონზე. რატომ გადაიყვანეს ხუთი თვის ბავშვი მაწონზე? ეს ცოტა ადრეა. მშობლის თქმით, იმის შემდეგ ბავშვი მაწვნის გარდა არაფერს არ ჭამდა. ღამე რომ იძინებდა, მაწვნის ბოთლი ედგა გვერდით.“
„წარმოიდგინეთ წლის და ოთხი თვის ბავშვი, რომელიც არის მთლიანად ერთგვაროვან, არაბალანსირებულ კვებაზე. გასაგებია, რომ მას ჰემოგლობინიც ჰქონდა დაბალი და რკინაც საკმაოდ დაბალი ჰქონდა. ასე რომ, ამის მიზეზი მარტო ეკონომიკა არ არის. მშობლის „დანაშაულიც“ არის ამაში, რომ ბავშვს აქვს რკინის დეფიციტი,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კვეზერელმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.