როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„პასუხისმგებლობები კი არ უნდა დავაკისროთ ბავშვს, იმედი დავაკისროთ,“- შალვა ამონაშვილი ბავშვის შემოქმედებითი უნარების განვითარების გზებზე
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის შემოქმედებითი უნარების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„პასუხისმგებლობები კი არ უნდა დავაკისროთ ბავშვს, იმედი დავაკისროთ. პასუხისმგებლობა რაღაცის შესრულებაა სხვისთვის. პასუხისმგებლობაში შემოქმედება ძალიან ცოტაა ჩადებული. როდესაც მე იმედი მაქვს, რომ შენ შეძლებ, შენ შეგიძლია, რაღაც რომ გამოჩნდება და მე იმით აღტაცებული ვარ, გაოცებული ვარ, ამით თითქოს წყალს ვუსხამ ბავშვის შემოქმედებას. ჩემმა პედაგოგმა რომ მითხრა: „როგორი პოეტური თვალები გაქვს,“ მე ლამის პოეტი გავხდი მართლა.
ბავშვებს უნდა უთხრა: „ბავშვებო, ადექით, თუ შეიძლება.“ პატივისცემა უნდა იყოს დიდი. უთხარით ბავშვებს: „ერთი წუთით დახუჭეთ თვალები. რაღაც საიდუმლო მინდა გითხრათ.“ მე ვეჩურჩულები: „თითოეული თქვენგანი ამ გაკვეთილზე გამორჩეული მათემატიკოსია. მე კი თქვენი მოწაფე ვარ. კითხვებს იმიტომ გაძლევთ, რომ არ ვიცი და მინდა ვიცოდე, დამეხმარეთ, გამზარდეთ. გაიმეორეთ ახლა თქვენს თავში:„მე გამოჩენილი მათემატიკოსი ვარ. მე მიყვარს მათემატიკა. მათემატიკასაც ვუყვარვარ მე.“ მერე ვეტყვი: გაახილეთ თვალები, დასხედით." ასე ბავშვებში მოვხსენი თუ რაიმე ნეგატიური განწყობა ჰქონდათ ჩემი გაკვეთილის მიმართ.
ერთხელ რომ ასე მიუდექი ბავშვს, მეორედ რომ უჩურჩულე, მესამედ რომ აღტაცებული იყავი, დედას რომ დაურეკე და უთხარი: თქვენი შვილი მაოცებსო, ეს ხომ პატარა საქმეებია?! ეს ბავშვი უთუოდ გახდება შემოქმედიც და დიდი ყურადღების მქონეც,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.