როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„თითქმის არ მეძინა... სამ მეგობარს ვერ დავეხმარე ვერაფრით, გული მომიკვდა...“ - დავით გადელიას ემოციური პოსტი
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის მძიმე სურათს ეხმიანება:
„თითქმის არ მეძინა... თავი სიურეალისტურ ფილმში მგონია - უფრო ძველ, შავ-თეთრ სურათში... სამ მეგობარს ვერ დავეხმარე ვერაფრით.. ორმა რაღაც კლინიკა მაინც მოიძია და ერთ მეგობარს, ქალაქში დაფასებულ და ცნობილ კაცს, მთელი ღამე მანქანით დაყავდა კლინიკა -კლინიკა ოჯახის კოვიდიანი მოხუცი წევრი, ვერსად ვერ ათავსებდა.. გული მომიკვდა...
..... ზუსტად ამ დროს, "საზმაუზე" ამტკიცებდნენ, რომ არავითარი კოვიდი, პანდემია, პსრ ტესტი არ არსებობს და ყველაფერი კარგადაა - უბრალოდ ვიგონებთ რაღაცებს! არავითარი პრეტენზია ცხადია არაა მათ მიმართ, ვინც ამას ამბობდა (ვეჭვობ - ზოგადად, დანაშაულზეც არ მოეთხოვებათ მათ პასუხი..), მაგრამ როცა ქვეყანაში სირეგვენის ასეთი მაღალი პროცენტია, როცა ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილისთვის არაა ასეთი სახის გამოსვლა ძაან სასაცილო (ისედაც არაა ეთიკური ასეთი ხალხის გამოყვანა და მათზე ხალისი) და პირიქით - სერიოზულად აღიქმება, რას ემსახურება საზმაუს ეს სიშლეგე??!
ბევრმა მეგობარმა ეს სისულელე ჩათვალა ოფიციალური ხელისუფლების პოლიტიკად - სწორედ იმიტომ, რომ საზმაუზე გავიდა!!
სიურეალიზმსაც აქვს თავისი წესები და ლოგიკა...“ - წერს დავით გადელია