როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„მართალია, ბავშვებს კორონავირუსი გადააქვთ შედარებით მსუბუქად, მაგრამ მათ შეიძლება დააინფიცირონ ირგვლივ მყოფები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ვაქცინაციის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვთა პოპულაციაში კოვიდ-19-ით ინფიცირების რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა:
თემურ მიქელაძის თქმით, ვაქცინა უსაფრთხოა და ის ბავშვებს 100 %-ით იცავს:
„ვაქცინამ გაიარა უკვე ერთწლიანი გამოცდილება. ის არის უსაფრთხო. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენთანაც ბავშვთა პოპულაციაში დაწყებულიყო ვაქცინაცია. ბავშვებში ვაქცინას პრაქტიკულად 100%-მდე დაცვა აქვს.“
„მართალია, ბავშვებს კორონავირუსი გადააქვთ შედარებით მსუბუქად, მაგრამ მათ შეიძლება დააინფიცირონ ირგვლივ მყოფები, რომელთათვისაც ეს დაავადება, შეიძლება ლეტალურად დასრულდეს. ჩემი პაციენტი 100 ბავშვი უკვე აიცრა. მათ არანაირი გართულება არ ჰქონიათ, აბსოლუტურად ისე გადაიტანეს, როგორც აქამდე ჩატარებული ვაქცინაცია. ბავშვებისთვის ვაქცინაცია არ არის ახალი. ისინი 14 წლამდე ასაკში დაახლოებით 15-ჯერ იკეთებენ ვაქცინას. მთავარია სწორი ინფორმირებული თანხმობა, როგორც მშობლის, ისევე ბავშვის,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.