როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ბავშვების 30 პროცენტი იძულებით ასრულებს საშინაო დავალებას,“ - არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მეგი კავთუაშვილმა ბავშვების საშინაო დავალებებით მეტისმეტად დატვირთვის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვების 30% საშინაო დავალებას იძულებით ასრულებს:
„ჩვენმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კერძო სკოლებში უფრო მეტი, მაგრამ უფრო მრავალფეროვანი დავალებები აქვთ ბავშვებს საჯარო სკოლებთან შედარებით. ბავშვების 30% იძულებით ასრულებს საშინაო დავალებას. გამოკითხული მშობლების 13% ამბობს, რომ ძილის დარღვევები აქვს ბავშვს. იმდენად ბევრი საშინაო დავალებაა, რომ ბევრი დრო მიაქვს მისგან. თავისუფალი დრო არ რჩება ძალიან ბევრ ბავშვს. ბავშვებს ყოველდღიურად შესასრულებელი აქვთ დავალება ორ, სამ, ოთხ და მეტ საგანში, რასაც ორი, სამი და მეტი საათი სჭირდება.“
მეგი კავთუაშვილის თქმით, ცოდნის ათვისება ბავშვის ნერვიულობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს:
„არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს ჩვენ წარმოვადგენდეთ მშობლების ჯგუფს, რომლებიც უარს ამბობენ საშინაო დავალებაზე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის საშინაო დავალების არსი. ცოდნის დამაგრება არ უნდა მოხდეს იძულებით და ბავშვის ნერვიულობის ხარჯზე.“
„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებელს საშინაო დავალების შემოწმების დრო არ აქვს, რაც ასევე მოტივაციის დაქვეითებას იწვევს. მეორე ცვლაში ნაკლები თავისუფალი დრო რჩებათ ბავშვებს და რთულია დღის რეჟიმის აწყობა,“- აღნიშნულ საკითხზე მეგი კავთუაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.