როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„კორონავირუსი არსად არ გაქრება არც ერთი, არც ორი წლის განმავლობაში,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე
პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ვაქცინების ბუსტერ დოზების მიღების წესებზე ისაუბრა:
„ჩინური ვაქცინების შემთხვევაში, თუ ასაკი 60 წელზე მეტია, ბუსტერი შეიძლება გაკეთდეს მეორე დოზის გაკეთებიდან სამი თვის შემდეგ. ყველა სხვა ასაკობრივ ჯგუფში, ყველა სხვა ვაქცინასთან მიმართებაში, მეორე დოზა გაიკეთეთ ექვსი თვის შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს უფრო მეტ დაცვას გაძლევთ, ვიდრე პირველი ორი დოზაც კი. ფაიზერმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, როდესაც ბუსტერის გაკეთების შემდეგ პირველად, საწყის მაჩვენებელზე უფრო მაღალი იმუნური პასუხი მიიღო. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.“
ივანე ჩხაიძის თმით, კორონავირუსი 1-2 წლის განმავლობაში არსად არ გაქრება:
„კორონავირუსი არსად არ გაქრება არც ერთი, არც ორი წლის განმავლობაში. შესაძლებელია, მან გააგრძელოს არსებობა, ისევე როგორც გრიპმა, კიდევ დიდხანს და დიდხანს. ამიტომ ყველაზე კარგი სცენარი, რაც შეიძლება იყოს და ჩვენ ამას მართლაც განვიხილავთ, ეს არის წელიწადში ერთხელ ვაქცინაცია, ისე, როგორც გრიპის ვაქცინას ვიკეთებთ. ოქტომბრის პერიოდში გაკეთდება ორივე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რაც მოგვცემს ერთი წლის განმავლობაში დაცვას.“