როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
ორი ყველაზე კრიზისული ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში, როდესაც მას განსაკუთრებით ფაქიზად უნდა მოვექცეთ - ბავშვთა ნევროლოგი ნანა ხაჭაპურიძე
ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ხაჭაპურიძემ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში კრიზისულ ეტაპებზე ისაუბრა. მან ორი ყველაზე კრიზისული ეტაპიც დაასახელა:
„ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში არის რამდენიმე პერიოდი, რომელიც შედარებით კრიზისულია. ეს არის ასაკობრივი პერიოდი, როდესაც ბავშვის ფსიქიკური, ნევროლოგიური და მენტალური განვითარება ძალიან მაღალი ტემპით გამოირჩევა. ეს პირველ რიგში, ტვირთავს ნერვულ სისტემას. ანარაკლებ მნიშვნელოვანია ორგანიზმის სხვა სისტემები, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის და ა.შ. ამ კრიზისულ პერიოდში ბავშვები მეტად მგრძნობიარენი არიან.“
ნანა ხაჭაპურიძის თქმით, პირველი კრიზისული ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში 2-3 წლის ასაკში დგება:
„პირველი კრიზისული ეტაპი არის 2-3 წლის ასაკში, როდესაც ბავშვის მენტალური და ფიზიკური განვითარება ძალიან სწრაფი ტემპით მიდის. ასევე ყველასთვის ცნობილია პუბერტული პერიოდი, 12-დან 15 წლამდე. ეს ასევე ძალიან მძიმე კრიზისული პერიოდია, როგორც მოზარდისთვის, ასევე ოჯახისთვის. ამ პერიოდის ბავშვებთან უფროსები უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.“
„როდესაც ბავშვი იბადება თავის ტვინი ანატომიურად და მორფოლოგიურად უკვე ჩამოყალიბებულია, მაგრამ ფუნქციურად ის ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის. ძალიან დიდი ეტაპი ნერვული სისტემის განვითარებისა არის, როდესაც ბავშვი დგება, გაივლის და მსხვილი მოტორიკა იწყებს განვითარებას. შემდეგი ეტაპია მეტყველების განვითარება, როდესაც ბავშვი წინადადებებს ქმნის. ორი წლისთვის ბავშვი იწყებს აზროვნებას უფრო ფართო მასშტაბით. ამიტომ საკმაოდ ფაქიზი უნდა იყოს მასთან ურთიერთობა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ხაჭაპურიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.