როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„დაბუჟებისას თრომბოზი ნაკლებად სავარაუდოა, უფრო ნევროლოგიური პრობლემის დროს გვხვდება დაბუჟება,“ - მედიცინის დოქტორი შორენა ჭიოკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა შორენა ჭიოკაძემ იმ სიმპტომების შესახებ ისაუბრა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში თრომბოზზე ეჭვი უნდა მივიტანოთ:
„სისხლის საერთო ანალიზი ძირითადი ბაზისური კვლევაა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს ასახავს, მაგრამ კონკრეტულად თრომბოზზე ვერ მიგვითითებს. შეიძლება მხოლოდ კოაგულოგრამაშიც არაფერი არ გამოჩნდეს. ღრმა ვენების თრომბოზზე ეჭვის მისატანად, შესაძლოა, იყოს ტკივილი ფეხის არეში, სიწითლე, სიმხურვალის შეგრძნება, შესიება. შესაძლოა, გამოხატული იყოს სისხლჩაქცევებიც.“
შორენა ჭიოკაძის თქმით, დაბუჟებისას თრომბოზზე ეჭვის მიტანა ნაკლებად სავარაუდოა:
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაბუჟებისას ეჭვი მივიტანოთ თრომბოზზე. ხშირად ეშინიათ და ჰგონიათ: „ფეხები მიბუჟდება, პროთრომბინი მაქვს მაღალი,“ მაგრამ უფრო ნევროლოგიური პრობლემის დროს გვხვდება დაბუჟება. თრომბოზზე ეჭვის მიტანა შეიძლება, თუ გვაქვს ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი, ტკივილის გაძლიერება ღრმა ჩასუნთქვისას, ხველა.“
„აუცილებლად გასათვალისწინებელია ოჯახური ანამნეზი. თუ ოჯახის წევრებში გვაქვს ახალგაზრდა ასაკში ინსულტი, ინფარქტი, ღრმა ვენების თრომბოზი, თვითნებითი აბორტი, აუცილებლად უნდა მივიტანოთ ეჭვი თრომბოფილიაზე. რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ჭარწონიანი პაციენტები, ასევე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, ონკოლოგიური პაციენტები. უმოძრაობა და ცხოვრების მჯდომარე წესი ნამდვილად ხელშემწყობია თრომბოზის განვითარებისთვის და რისკ-ჯგუფში არიან ასეთი ადამიანებიც,“ - აღნიშნულ საკითხზე შორენა ჭიოკაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.