როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„როდესაც ბავშვს სადილს აჭმევ და არ უყვარს ეს სადილი, პარალელურად უნდა ესაუბრო თითოეულ ამ პროდუქტზე,“- ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია
პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვის ნატურალური პროდუქტებით კვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სჯობს შვილები სახლში დამზადებული ხილფაფებით გამოვკვებოთ, ვიდრე აფთიაქში შეძენილი მსგავსი პროდუქტებით:
„მშობლებს ურჩევნიათ შედარებით უფრო მარტივად გამოვიდნენ თავიანთი დასაქმებულობიდან გამომდინარე. არ ჰყოფნით დრო. ბევრი რეკომენდაციასაც უწევს, რომ მსგავსი პროდუქტები უნდა მისცენ ბავშვს. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს სჯობს სახლში გაკეთებული ხილფაფა, რომელსაც ვამზადებთ ხილის შეთავსებულობის მიხედვით, მაგალითად, ვაშლი და ქლიავი. სახლში შეგვიძლია გავაკეთოთ ასევე იოგურტი, რადგან სუპერმარკეტების ქსელში იოგურტების დიდი ნაწილი არის გენმოდიფიცირებულ პროდუქტთა სიაში.
ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ მართალი კვების შესახებ. ალბათ, ჩვენი მშობელიც მიესალმება იმას, რომ მათ ჰქონდეთ მშობლის სკოლა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პედიატრები, დიეტოლოგები. ასე მიღებული განათლება მშობელს ხელს შეუწყობს იმაში, რომ მათ სწორად კვებონ ბავშვი დაბადებისთანავე. მშობელი ხშირად უნდა ესაუბრობს ბავშვს საკვები პროდუქტების შესახებ. შეიძლება პირველ ახსნაზე ამან შედეგი ვერ გამოიღოს, მაგრამ ხშირად უნდა მოხდეს ეს. როდესაც ბავშვს სადილს აჭმევ და არ უყვარს ეს სადილი, ვთქვათ, ბოსტნეული, პარალელურად უნდა ესაუბრო თითოეულ ამ ბოსტნეულზე. ვფიქრობ, რომ ამით შედეგს ნამდვილად მივაღწევთ,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.