როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ეს პარტია საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, ბაზარზე არ არის,“- სურსათის უვნებლობის ექსპერტი მიხეილ ბეღელაძე
სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მიხეილ ბეღელაძემ კომპანია „ფერეროს“ „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადთან დაკავშირებული სალმონელათი დაავადების შემთხვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა ევროკავშირში დაფიქსირდა:
„რაც შეეხება სალმონელაზე ამ კონკრეტულ შემთხვევას, პირველ რიგში, ის ევროკავშირში დაფიქსირდა. მათ აქვთ სწრაფი განგაშის სისტემა. როდესაც ხარვეზი ფიქსირდება ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, განგაშის სიგნალი ირთვება და ყველა ქვეყანას ეცნობება. ჩვენთან ამ კონკრეტულ პროდუქტზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ინფორმაცია. ამ კონკრეტული პარტიის ნომერი იციან, იციან სადამდე აქვს ვადა, გამოშვების ნომერი და ა.შ. ამ კონკრეტულ პარტიაზე მოვიდა ინფორმაცია, რომ თუ არსებობს ბაზარზე, ბაზრიდან ამოიღეთ. სააგენტომ ეს ინფორმაცია მიაწოდა იმპორტიორებს. მათგან არაგეგმიური ინსპექტირებებიც ჩატარდა. ასეთ შემთხვევებზე ბიზნესი და სახელმწიფოც ერთად ზრუნავს, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.
ეს პარტია საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ბაზარზე არ არის. შემიძლია სრულად დავამშვიდო ამ ეტაპზე მომხმარებელი, რომ შეუძლია თავისუფლად იგრძნოს თავი. იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირდა, იქაც სავარაუდო შემთხვევა იყო და კვლევები მიმდინარეობს,“- აღნიშნულ საკითხზე მიხეილ ბეღელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.