Baby Bag

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში დიარეულ დაავადებებთან დაკავშირებით წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე. დიარეად კვალიფიცირდება ნაწლავთა მოქმედება დღეში 3-ჯერ ან მეტად თხიერი განავლით.

რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით:
პირველ რიგში, დიარეის დროს ნუ მივიღებთ ანტიბიოტიკს, თუ არ არის გაკეთებული განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა და არ დადასტურდა ანტიბიოტიკის აუცილებლობა. დღემდე აქტუალურია „ბისეპტოლის“ მიღება, რომელიც ზოგს ანტიდიარეული მედიკამენტი ჰგონია, სინამდვილეში კი ერთ-ერთი ანტიბიოტიკია და მისი მიღება მხოლოდ შესაბამისი ჩვენებით უნდა მოხდეს.
დიარეის მქონე ადამიანი უნდა მოერიდოს უმი ხილის და ბოსტნეულის მიღებას, გამონაკლისს წარმოადგენს ბანანი.
სასურველია მარილიანი საკვების მიღება (ცხადია, ზოგადად, მარილი მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა დიარეის დროს ხანმოკლე პერიოდით რეკომენდებულია, რადგან მარილის შევსებას ახდენს და ამავე დროს, ზრდის სითხის მოთხოვნილებას).
დიარეის დროს უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლს, ცხარე საკვებს, რძეს და რძის პროდუქტებს, ყავას.
მთავარია სითხის ადეკვატურად მიღება. თუ ადამიანი საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს, არავითარი „გადასხმა“ არ სჭირდება.
ზაფხულში საკვებში ბაქტერიების გამრავლება ადვილად ხდება, რამაც შეიძლება დიარეული დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ მომზადებული საკვები მაცივრის გარეთ დიდხანს არ უნდა დავტოვოთ (არაუმეტეს 2 საათისა, ხოლო თუ გარემოს ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, არაუმეტეს 1 საათისა). შესაბამისად, სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მთავარი არის ცხელება. უმრავლეს შემთხვევაში დელტა შტამის დროს ბავშვებში არის ჰექტიური ტემპერატურა,“ - თემურ მიქელაძე

„მთავარი არის ცხელება. უმრავლეს შემთხვევაში  დელტა შტამის დროს ბავშვებში არის ჰექტიური ტემპერატურა,“ - თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში დელტა შტამის მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მომართვიანობამ მოიმატა, თუმცა დელტა შტამს განსაკუთრებით რთული მიმდინარეობა არ ახასიათებს:

„ბავშვებში მომართვიანობამ მოიმატა. იმ დროს, როდესაც ყველაზე ხშირი გავრცელება იყო ოქტომბერი-ნოემბერი, ათეულზე მეტ პაციენტთან მქონდა შეხება. მე პირადად ყოველდღიურად 4-5 პაციენტთან ახალ დიაგნოსტირებულ შემთხვევასთან მაქვს საქმე. ​დელტა შტამი განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს, დაახლოებით იგივე მიმდინარეობა აქვს. ერთადერთი არის გახანგრძლივებული ცხელება, მაშინ როდესაც თავიდან იყო 2-3 დღე ცხელება მაქსიმუმ. უფრო მეტად არის გამოხატული ჰექტიური ცხელება. ცხელების დღეების რაოდენობა არის 4-5. ზაფხულის პერიოდში ცხელების მართვა არის საკმაოდ გაძნელებული.“

თემურ მიქელაძემ აღნიშნა, რომ ბავშვებში ახლა სხვადასხვა ტიპის რესპირაციულ-ვირუსული ინფექციაა გავრცელებული:

„ბავშვები არიან შედარებით მივარდნილები, სითხეს ვერ იღებენ. ჰოსპიტალიზაციის უფრო მეტი შემთხვევებია. ახლა იმდენი გავრცელება არ არის რაოდენობრივად, უბრალოდ ჰოსპიტალიზაციის პროცენტულმა რაოდენობამ მოიმატა. კორონავირუსული ინფექცია არის რესპირაციულ-ვირუსული ინფექცია. ახლა საქართველოში გავრცელებულია სხვადასხვა ტიპის რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები. მათი დიფერენცირება საკმაოდ რთულია.“

„მოზრდილი ასაკის ბავშვებში არის უფრო ყელის ტკივილი, თავის ტკივილი. ​ადრეული ასაკის ბავშვებში არის ხველა, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ცხვირის გაჭედვა, უფრო მეტად არის გამოხატული ყელის ტკივილი. მთავარი არის ცხელება. უმრავლეს შემთხვევაში ბავშვებში დელტა შტამის შემთხვევაში არის ჰექტიური ტემპერატურა. ზოგ შემთხვევაში ადრეული ასაკის ბავშვები ძუძუთი ან ფორმულით კვებისგან თავს იკავებენ, სითხეს ვერ იღებენ და ​სწორედ ამ ბავშვების დროული ჰოსპიტალიზაციაა საჭირო,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​Euronews Georgia

წაიკითხეთ სრულად