Baby Bag

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში დიარეულ დაავადებებთან დაკავშირებით წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე. დიარეად კვალიფიცირდება ნაწლავთა მოქმედება დღეში 3-ჯერ ან მეტად თხიერი განავლით.

რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით:
პირველ რიგში, დიარეის დროს ნუ მივიღებთ ანტიბიოტიკს, თუ არ არის გაკეთებული განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა და არ დადასტურდა ანტიბიოტიკის აუცილებლობა. დღემდე აქტუალურია „ბისეპტოლის“ მიღება, რომელიც ზოგს ანტიდიარეული მედიკამენტი ჰგონია, სინამდვილეში კი ერთ-ერთი ანტიბიოტიკია და მისი მიღება მხოლოდ შესაბამისი ჩვენებით უნდა მოხდეს.
დიარეის მქონე ადამიანი უნდა მოერიდოს უმი ხილის და ბოსტნეულის მიღებას, გამონაკლისს წარმოადგენს ბანანი.
სასურველია მარილიანი საკვების მიღება (ცხადია, ზოგადად, მარილი მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა დიარეის დროს ხანმოკლე პერიოდით რეკომენდებულია, რადგან მარილის შევსებას ახდენს და ამავე დროს, ზრდის სითხის მოთხოვნილებას).
დიარეის დროს უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლს, ცხარე საკვებს, რძეს და რძის პროდუქტებს, ყავას.
მთავარია სითხის ადეკვატურად მიღება. თუ ადამიანი საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს, არავითარი „გადასხმა“ არ სჭირდება.
ზაფხულში საკვებში ბაქტერიების გამრავლება ადვილად ხდება, რამაც შეიძლება დიარეული დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ მომზადებული საკვები მაცივრის გარეთ დიდხანს არ უნდა დავტოვოთ (არაუმეტეს 2 საათისა, ხოლო თუ გარემოს ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, არაუმეტეს 1 საათისა). შესაბამისად, სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ პაციენტს კოვიდის გადატანის შემდგომ დაეწყო თავბრუსხვევა, თადარიგის დაჭერა და კვლევების ჩატარება არის სასურველი,“ - პროფესორი ეკა ხარხელაძე

„თუ პაციენტს კოვიდის გადატანის შემდგომ დაეწყო თავბრუსხვევა, თადარიგის დაჭერა და კვლევების ჩატარება არის სასურველი,“ - პროფესორი ეკა ხარხელაძე

ნეიროოტოლოგმა ეკა ხარხელმა კოვიდის შემდგომ თავბრუსხვევის განვითარების შესაძლო მიზეზებსა და ამ დროს აუცილებლად ჩასატარებელ კვლევებზე ისაუბრა:

„თუ პაციენტს ​კოვიდის გადატანის შემდგომ დაეწყო თავბრუსხვევა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს შესწავლა, ჩატარდეს სათანადო კვლევები. თუ სმენის ჩივილი არ აქვს, რა თქმა უნდა მას აუდიომეტრია არ ჩაუტარდება, მაგრამ უნდა ჩაუტარდეს კომპიუტერული კვლევები, ვგულისხმობ ვესტიბულურს.“

ეკა ხარხელის თქმით, არსებობს პრეცედენტი, როდესაც თავბრუსხვევა წინ უძღვის სმენის დაქვეითებას:

„რაც შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა შემდგომ სმენის დაქვეითება განვითარდეს,​ ასეთი პრეცედენტი არსებობს. არის შიგნითა ყურის ისეთი დაავადებები, რომელიც იწყება თავბრუსხვევით, შემდგომ ჩნდება ყურის დაგუბება, დამძიმება, სმენის დაქვეითება.“

„თავბრუსხვევა, შესაძლოა, იყოს პირველი ნიშანი, პირველი ჩივილი. შემდგომ გაჩნდეს ტინიტუსი, შემდგომ სმენის დაქვეითება. თუმცა ეს არ არის აუცილებელი, რომ ეს ყველაფერი ასე განვითარდეს. ​თადარიგის დაჭერა და კვლევების ჩატარება არის სასურველი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ეკა ხარხელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი- მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად