Baby Bag

რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?

რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?
რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის? - თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ჰეპატოლოგმა, თსსუ პროფესორმა ნანა ლოლაშვილმა ისაუბრა. 

,,ვიტამინ B12 დეფიციტური ანემია - ეს არის ადისონ ბირმერის დაავადება, რომელიც თავის დროზე ითვლებოდა ავთვისებიან დაავადებად. სულ რაღაც 100 წლის წინ ამ დაავადებით პაციენტები იღუპებოდნენ, ვინაიდან არ იყო მიზეზი დადგენილი. ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი გარეგანი და შინაგანი ფაქტორის დეფიციტია. გარეგანი ფაქტორი არის ვიტამინი B12, რომელსაც ჩვენ საკვების სახით ვიღებთ და შინაგანი ფაქტორი - მასზე მოქმედებს კუჭნაწლავის მდგომარეობა.''

როგორც ნანა ლოლაშვილმა აღნიშნა წლების წინ ეს დაავადება ასაკოვანი ადამიანების დაავადებად ითვლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ახალგაზრდებშიც იმატა, ვინაიდან ვეგეტარიანელობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი:

,,რატომ მატულობს ასაკთან ერთად B12-ის დეფიციტი? პირველი - B12-ს ძირითად ცხოველური პროდუქტებიდან ვიღებთ (თევზი, ზღვის პროდუქტები) და მცირე რაოდენობით კვერცხიდან. გამომდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებებიდან, რომელიც ასაკს ახლავს თან, როგორიცაა პირის ღრუს მდგომარეობა და ა.შ. ნაკლებად ღებულობენ ცხოველურ საკვებს და მეორე, კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა. ჩვენ 5 წლის მარაგი გვაქვს, 3-5 წლის განმავლობაში რომ არ მივიღოთ ბ12 შესაძლოა დეფიციტი არც გამოვლინდეს, მაგრამ მოგეხსენებათ ასაკში ხანგრძლივი დროით იღებენ კუჭის სიმჟავის დასაქვეითებელ პრეპარატებს, რაც ხელს უშლის B12-ის შეწოვას. გარდა ამისა, ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საფაღარათო საშუალებებს ღებულობენ, რაც ასევე ხდება რკინადეფიციტური ანემიის და B12-ის განვითარების მიზეზი.''

ძალიან ხშირად ვიტამინ B12-ის დეფიციტი ვითარდება ნელ-ნელა და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ასაკთან. ასაკი არ არის ის პრობლემა, რომელსაც შესაძლოა ყველაფერი დავაბრალოთ:

,,ვიტამინ B12-ის სიმპტომატიკა: ენის წვერის წვა, დვრილების ატროფია, გემოს ვეღარ გრძნობენ, შემდეგ ემატება გლოსიტი, კუჭის სიმჟავე ქვეითდება. პაციენტებს აქვთ ხელებზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, სახის შეშუპება, ჰაერის უკმარისობა, ყაბზობა, ფაღარათი, მენტალური პრობლემები (პაციენტი ვერ ერკვევა დროში და გარემოში, აქვთ ჰალუცინაციები). რაც შეეხება ზოგად ჩივილებს, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა - ეს ყველა სხვა ანემიისთვისაცაა დამახასიათებელი, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, შედარებით განსხვავებულია, რაც B12-ის დეფიციტის ამოცნობაში დაგვეხმარება,'' - მოცემულ საკითხზე ნანა ლოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად