Baby Bag

თუ ქალს ნათესავი ჰყავდა ძუძუს ან საკვერცხის სიმსივნით დაავადებული, აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევები - ინტერვიუ ონკო-გინეკოლოგ არჩილ შარაშენიძესთან

თუ ქალს ნათესავი ჰყავდა ძუძუს ან საკვერცხის სიმსივნით დაავადებული, აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევები - ინტერვიუ ონკო-გინეკოლოგ არჩილ შარაშენიძესთან
რა უნდა მოვიმოქმედოთ ონკო-გინეკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის და არის თუა არა დღეს სიმსივნე განაჩენი ამ და სხვა აქტაულურ საკითხებზე ​Moms.ge-ს ონკო-გინეკოლოგი არჩილ შარაშენიძე ესაუბრა.

- ბატონო არჩილ, საქართველოში ონკო-გინეკოლოგიური დაავადებებიდან ყველაზე მეტად რომელია გავრცელებული და  რა იწვევს?

- ყველაზე მეტადაა გავრცელებული საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც გამოწვეულია პაპილომავირუსით. ეს ვირუსი არის რამდენიმე ფაქტორისა და მიზეზის ზემოქმედების შედეგი. პირველი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ არ ხდება თავის დაცვა - პრევენცია. მეორე - რეპროდუქციულ ასაკში ქალბატონები არ იკეთებენ პაპილომავირუსზე აცრას. აცრა არის თავის დაზღვევის საშუალება, რათა ქალბატონებმა თავიდან აირიდონ ორგანიზმის დაავადება. როდესაც არც პრევენციას მიმართავენ და ვაქცინაციასაც უარყოფენ, იზრდება საშვილოსნოს ყელის დაავადების რისკი.

- რა სიმპტომები ახასიათებს საშვილოსნოს ყელის სიმსივნეს?
- პირველ რიგში, რაც უნდა იცოდნენ ქალბატონებმა, არის ის, რომ სიმსივნის საწყისი ეტაპის შემთხვევაში, სიმპტომები ყველაზე ნაკლებად იჩენს თავს. როდესაც სიმპტომები ჩნდება, პროცესი უკვე შორს არის წასული. ყველაზე მთავარი სიმპტომი არის სქესობრივი კავშირის შემდგომი სისხლდენა. ეს არის ერთ-ერთი პირველი ნიშანი, რატომაც შეიძლება, ქალმა მიაკითხოს გინეკოლოგს. მეორე - რეგულარულ მენსტრუალურ ციკლს შორის სისხლიანი გამონადენი, ამ შემთხვევაშიც უნდა მიაკითხოს ექიმს, რადგან დიდი რისკია, რომ საშვილოსნოს ყელის პრობლემასთან გვქონდეს საქმე.
- რა სიხშირით უნდა გაიკეთოს ქალმა პაპ-ტესტის ანალიზი?
- პაპ-ტესტის ანალიზი ყველა ქალმა უნდა გაიკეთოს აუცილებლად. 6 თვეში ერთხელ ქალბატონებმა, რომლებიც ცხოვრობენ სქესობრივი ცხოვრებით, უნდა ჩაიტარონ პაპ-ტესტი. თუ ქალბატონს მენსტრუალური ციკლი აქვს მოწესრიგებული და მას საშვილოსნოში არანაირი პრობლემა არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ გინეკოლოგიურად ჯანმრთელია, ეს კი არის ჯანმრთელობის ინდიკატორი. ასევე სასურველი და მიზანშეწოლილია ვაქცინაცია.
- საკვერცხის კიბოს სიმპტომებზეც რომ გვესაუბროთ. რა არის საკვერცხის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორები?
- ძალიან ხშირად საკვერცხის სიმსივნის დიაგნოზის დასმა ხდება იმ დროს, როდესაც უკვე ასციტთან გვაქვს საქმე, ანუ მუცელში არის სითხე, ან გაუვალობის ნიშნები აქვს პაციენტს, უკვე წონაში კლებას იწყებს. პროცესი არის შორსწასული, ძირითადად მესამე-მეოთხე სტადიის პაციენტები. საკვერცხის სიმსივნის დადგენა ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ არის ის ვერაგული. რისკ-ფაქტორებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ეს არის გენეტიკა. თუ ქალბატონს პირველი ან მეორე რიგის ნათესავი ჰყავდა ძუძუს, საკვერცხის ან კოლო-რეკტალური სიმსივნით დაავადებული, აუცილებლად უნდა გადაემოწმოს და ჩაიტაროს გამოკვლევები.
- ვისაც გენეტიკური განწყობა აღენიშნება სიმსივნეების მიმართ, რა რეკომენდაციებს მისცემთ მათ?
- გენეტიკური განწყობის თვალსაზრისით, სხვადასხვა სიმსივნეზე სხვადასხვა რეკომენდაციას მივცემდი. საკვერცხეზე რომ ვისაუბროთ, თუ თქვენ, ქალბატონო, ბრძანდებით 30 წლის და თქვენი პირველი ან მეორე რიგის ნათესავს ჰქონდა სიმსივნე ძუძუს, პანკრეასის, საკვერცხის - აუცილებლად მიბრძანდით გინეკოლოგთან, რათა დაადგინოთ, გექნებათ თუ არა რამდენიმე წლის შემდეგ სიმსივნე. საშვილოსნოს ტანის სიმსივნეს რაც შეეხება, თუ თქვენს რომელიმე მშობელს ჰქონდა სწორი ნაწლავის, კუჭის სიმსივნე, თქვენც ძალიან დიდ რისკ-ჯგუფში შედიხართ. თქვენც უნდა ჩაიტაროთ გენეტიკური კვლევა და დაადგინოთ, არის თუ არა მომატებული რისკი. 40-დან 45 წლის ასაკამდე უნდა ამოიკვეთოთ საშვილოსნო, რათა შემდგომში არ გაუარესდეს და გართულდეს.
- რა უნდა მოვიმოქმედოთ ონკო-გინეკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის?
- უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელი ცხოვრების წესი. აუცილებელია ჯანსაღი კვება, ალკოჰოლის შემცირება, თამბაქოსგან თავის შეკავება და მთავარი - სკრინინგი. სხვადასხვა ასაკში ხვადასხვა რისკია სიმსივნის წარმოშობის.
- რამდენად ხშირად სარგებლობს მოსახლეობა სკრინინგით, თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?
- მომართვიანობას რაც შეეხება, ქალბატონი რომ მივიდეს გინეკოლოგთან და ყოველ 6 თვეში ჩაიტაროს მინიმუმ ექოსკოპია, ამის კულტურა ნაკლებადაა განვითარებული.
- ამბობენ, რომ კიბო დღეს განაჩენი არ არის, მაგრამ ხშირად საპირისპიროს ვაწყდებით. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით?
- კიბო განაჩენი ნამდვილად არ არის. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ყურადღებიანია პაციენტი საკუთარი თავის მიმართ. პირველივე ეჭვების შემთხვევაში, ის უნდა მივიდეს ექიმთან და ჩაიტაროს კონსულტაცია. რომც არ იყოს რაიმე სიმპტომი, 6 თვეში ერთხელ მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, წელიწადში ერთხელ მაინც.
თუ პაციენტს დაემართა სიმსივნე, ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომელსაც ექიმები ვერ ვუმკლავდებით. პირველ რიგში აუცილებელია დროული ჩარევა. ჩვენთან დიაგნოსტირების და შემგომი მკურნალობის თავლსაზრისითაც საკმაოდ კარგი მდგომარეობაა. ხდება კონკრეტული შემთხვევის კრიტიკულად განხილვა და იმ გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება, რაც პაციენტისთვის ცალსახად მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია.
- რა სიახლეები დაინერგა ონკო-გინეკოლოგიაში, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებამ არ იცის?

- მედიცინის განვითარებასთან ერთად, საკვერცხის სიმსივნის შემთხვევაში, ქირურგია უკანა პლანზე გადადის ნელ-ნელა. საკვერცხის სიმსივნის ოპერაციები შეიძლება შემცირდეს. ამას უკვე დრო აჩვენებს. ეს არის ბოლო სიახლეები, რაც ხდება არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსისგან განკურნებულ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობის განვითარების მაღალი რისკი აქვთ - უახლესი კვლევები

კორონავირუსისგან განკურნებულ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობის განვითარების მაღალი რისკი აქვთ - უახლესი კვლევები

​მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგებიან. ამ კუთხით ისინი რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდ-19-ის დიაგნოზის დასმიდან 90 დღის განმავლობაში ადამიანების 20 %-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები უვლინდება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის​ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს უმეტესად შფოთვითი აშლილობა, დეპრესია და ინსომნია აწუხებთ. მკვლევარების მტკიცებით, კოვიდ-19 ზრდის დემენციის განვითარების რისკებს.

მეცნიერები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პრობლემის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდებენ და მედიკოსებს ურჩევენ სასწრაფოდ გამოძებნონ პრევენციის გზები და სამკურნალო საშუალებები განკურნებული პაციენტების დასახმარებლად.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 62 000 -ზე მეტ განკურნებულ პაციენტს ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდათ, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია. კოვიდ-19-ის დიაგნოზის დასმიდან პირველი სამი თვის მანძილზე ყოველი 5 განკურნებული პაციენტიდან ერთს შფოთვა და დეპრესია აღენიშნება. აღნიშნული სამი თვის განმავლობაში სხვა ადამიანებთან შედარებით კოვიდ-19-ისგან განკურნებულებს ორჯერ უფრო ხშირად უსვამდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დიაგნოზს.

​კვლევებით ასევე დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ, კოვიდ-19-ით დაინფიცირების 65%-ით მეტი რისკი აქვთ. აღნიშნული კვლევის შედეგები ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა.

​მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კოვიდ-19 ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ტვინზე. ის ფსიქიკური აშლილობების განვითარების რისკსაც ზრდის.

ის, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს კოვიდ-19-ით დაინფიცირების მეტი რისკი აქვთ, ლონდონის კინგსის კოლეჯში ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა. კოვიდ-19 ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და ის ფსიქიკური აშლილობების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

მომზადებულია​ voanews.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად