Baby Bag

„კორონავირუსი ბავშვებისთვის ნაკლებად სახიფათოა“ - ვანკუვერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის განცხადება

„კორონავირუსი ბავშვებისთვის ნაკლებად სახიფათოა“ - ვანკუვერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის განცხადება

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო მსოფლიო მასშტაბით დაავადებისადმი შიშები მძაფრდება. აღნიშნული ვირუსით უკვე ათასობით ადამიანი დაავადდა და 100-ზე მეტი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ხშირად ფატალურ შედეგებს იწვევს და სწრაფად ვრცელდება, კანადის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. ვანკუვერის საგანმანათლებლო საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნული ვირუსი ბავშვებისთვის ნაკლებად სახიფათოა.

კანადაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა მის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე შეუძლოდ მყოფ ადამიანს უსაფრთხოების მიზნით სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. ვანკუვერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა მშობლებს სპეციალური განცხადებით მიმართა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ბავშვებს დაინფიცირების საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ.

მართალია, კორონავირუსი ბავშვებისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვანკუვერის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მშობლებს ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვისკენ მოუწოდა. მათი თქმით, ვირუსის თავიდან აცილების მიზნით ჰიგიენის გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია. ბავშვებმა ხელები რეგულარულად უნდა დაიბანონ, გაციების ან გრიპის შემთხვევაში პატარები სახლში უნდა დარჩნენ, დაცემინების ან დახველების შემთხვევაში ადამიანებმა სახეზე ხელები უნდა აიფარონ, რათა ნებისმიერი სახის ვირუსული დაავადების გავრცელების თავიდან აცილება შეძლონ.

ვანკუვერის რეგიონალური ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გავრცელება ხველებით და ცემინებით ხდება, სწორედ ამიტომ, ნებისმიერი შეუძლოდ მყოფი ადამიანი, გრიპის ან გაციების მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი აუცილებლად სახლში უნდა დარჩეს.


კანადის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების დაბალი ალბათობისა, ისინი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზად არიან.

მომზადებულია ​bc.ctvnews.ca-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება მრავალჯერ გამოვიყენოთ, ირეცხება

პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება მრავალჯერ გამოვიყენოთ, ირეცხება

ეკონომიკის მინისტრმა ის საწარმო დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი პირბადეების წარმოება დღეიდან დაიწყო.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით დავიწყეთ პროგრამა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე სამკერვალოში ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. ეს პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში“, - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკაში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

„პირველ ეტაპზე, ეს იქნება დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები, რომელიც პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება მრავალჯერ გამოვიყენოთ. ის ირეცხება და მოჰყვება გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც ასევე მომზადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებთან. ხოლო უფრო სპეციფიური მოხმარების დროს, მაგალითად, სამედიცინო მუშაკების საქმიანობის დროს, პირბადეები იქნება ერთჯერადი, რადგან იქ საჭიროა უფრო მეტი კონტროლი,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში პირბადეები შეიკერება 10-მდე სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში, რომლებმაც გამოთქვეს პროგრამაში მონაწილეობის სურვილი.



წაიკითხეთ სრულად