Baby Bag

„კორონავირუსი ბავშვებისთვის ნაკლებად სახიფათოა“ - ვანკუვერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის განცხადება

„კორონავირუსი ბავშვებისთვის ნაკლებად სახიფათოა“ - ვანკუვერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის განცხადება

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო მსოფლიო მასშტაბით დაავადებისადმი შიშები მძაფრდება. აღნიშნული ვირუსით უკვე ათასობით ადამიანი დაავადდა და 100-ზე მეტი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ხშირად ფატალურ შედეგებს იწვევს და სწრაფად ვრცელდება, კანადის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. ვანკუვერის საგანმანათლებლო საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნული ვირუსი ბავშვებისთვის ნაკლებად სახიფათოა.

კანადაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა მის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე შეუძლოდ მყოფ ადამიანს უსაფრთხოების მიზნით სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. ვანკუვერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა მშობლებს სპეციალური განცხადებით მიმართა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ბავშვებს დაინფიცირების საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ.

მართალია, კორონავირუსი ბავშვებისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვანკუვერის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მშობლებს ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვისკენ მოუწოდა. მათი თქმით, ვირუსის თავიდან აცილების მიზნით ჰიგიენის გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია. ბავშვებმა ხელები რეგულარულად უნდა დაიბანონ, გაციების ან გრიპის შემთხვევაში პატარები სახლში უნდა დარჩნენ, დაცემინების ან დახველების შემთხვევაში ადამიანებმა სახეზე ხელები უნდა აიფარონ, რათა ნებისმიერი სახის ვირუსული დაავადების გავრცელების თავიდან აცილება შეძლონ.

ვანკუვერის რეგიონალური ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გავრცელება ხველებით და ცემინებით ხდება, სწორედ ამიტომ, ნებისმიერი შეუძლოდ მყოფი ადამიანი, გრიპის ან გაციების მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი აუცილებლად სახლში უნდა დარჩეს.


კანადის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების დაბალი ალბათობისა, ისინი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზად არიან.

მომზადებულია ​bc.ctvnews.ca-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის იმედი რჩება“ - გიორგი გახარია

„ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის იმედი რჩება“ - გიორგი გახარია

„მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედი მაინც რჩება,” - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.

„სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის ძირითადი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. თუ შევძელით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შემჭიდროვებულ ვადებში, რისიც მეეჭვება… იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. მაგალითად, განათლების სამინისტრო დღეის მონაცემებით ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდა, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ გარკვეული სტანდარტები არსებობს. განათლების სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედი მაინც რჩება”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროს დავალება მდგომარეობს იმაში, რომ წარმოადგინოს დანაკლისის აღდგენის კონკრეტული გეგმა:

„ფაქტია, რომ დღეს ჩვენი სისტემა არ არის მზად, სრულფასოვანი განათლება დისტანციურად მისცეს ჩვენს ბავშვებს და თავი არ უნდა მოვიტყუოთ. შეიძლება, ცალკეული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომის პრობლემაა. ამიტომ აქაც ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, სად ვართ და რისი შესაძლებლობები გვაქვს. 2 სცენარი გვაქვს: თუ 26 აპრილამდე შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა და მე-2 სცენარი (რომელიც უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინოს განათლების სამინისტრომ) თუ 26 აპრილამდე ვერ შევძელით,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად